უცხოელი მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის ახალი სერვისი ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 11:44

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასაქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელ მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge , ბიზნესის რეესტრის დოკუმენტების ჩამონათვალს  ქართულ-ინგლისურენოვანი წესდების ნიმუში დაემატა, რაც ამიერიდან ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელს საშუალებას აძლევს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მარტივად  მიიღოს, შესაბამისი ველები  შეავსოს და  სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარადგინოს.

უცხოელი მოქალაქეები საჯარო რეესტრს ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნით ხშირად მიმართავდნენ, თუმცა ქართული ენის არცოდნის გამო, ამ დრომდე მათ წესდების თარგმნა უწევდათ, რაც დამატებით დროსთან ერთად მატერიალურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. სერვისის დანერგვის შემდეგ უცხოელ მოქალაქეებს ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამას გარდა, ქართული ენის არცოდნა ან არასწორი თარგმანი ხშირად წესდების ხარვეზით შედგენას და პროცესის გაჭიანურებას იწვევდა. ახალი სერვისი ამგვარ შემთხვევებსაც მინიმუმამდე დაიყვანს, სარეგისტრაციო პროცედურას კი უცხოელი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

ამჟამად ვებგვერდზე ქართულ-ინგლისურენოვანი  წესდება მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სამართლებრივი ფორმის სუბიექტებისთვისაა განთავსებული.  ბიზნესის რეგისტრაციისას ყველაზე პოპულარული სწორედ ეს ფორმაა, ამიტომ არჩევანიც, პირველ რიგში, მასზე გაკეთდა. უახლოეს მომავალში საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სხვა სამართლებრივი ფორმებისთვის განკუთვნილი წესდებების ინგლისურენოვანი ვერსიებიც განთავსდება.

წაკითხულია 1001 ჯერ

Related items

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

    2020 წლის 2 მარტს საქართველოში დაიწყო მოსწავლეების რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

    მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე – online.naec.ge უნდა გაიარონ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

    რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია,  შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეციალური პირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

    2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები „აბიტურიენტთა ცნობარში“ გაეცნობიან.

  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

    საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

    სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

    პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

    რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

    პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

    ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

     

     

  • ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით წარადგინა. მოცემული დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% (1 026 430) შეადგინა.

    როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 46.2% , ხოლო ყველაზე დაბალი - 25.4% შიდა ქართლში. რაც შეეხება თბილისს, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა - 27.7%.

    „რომ შევადაროთ ეს მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 28.94 %“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

    „საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრაციის პროცესს, მათ შორის, ნებისმიერი ადგილიდან, რაც ცალსახად დადგენილია საარჩევნო კანონმდებლობით. კერძოდ, დამკვირვებელთა უფლებების შესახებ 41-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად: დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და ა.შ. როგორც უკვე აღინიშნა ზოგადად, ამომრჩევლის სახელი, გვარი და სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ცესკოს დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გადაღება რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ (სამაგიდო) ვერსია. შესაბამისად, სამაგიდო ვერსიის ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელია და ასევე, საჯაროდ არ გაიცემა სამაგიდო სიის ასლები. ამასთან, რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს პერსონალური მონაცემის - პირადი ნომრის გამოყენება და კომისიის საქმიანობის ხელის შეშლა. როგორც ყველა წინა განცხადებაში, ეხლაც ავღნიშნავთ, რომ არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა ისე უნდა განახორციელონ საკუთარი უფლებები, რომ ამომრჩეველს შეეძლოს ნების თავისუფალი გამოვლენა“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

    მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული ხარვეზების შესახებ:

    ხობის საოლქო საარჩევნო კომისიაში 31# საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში, რომელიც აკინძულია 50 ცალად, აღმოჩნდა ერთი ცალი სხვა ოლქის ბიულეტენი, კონკრეტულად კი, ზუგდიდის #31-ე უბნის ბიულეტენი, რაც სტამბის მიერ ბეჭდვისას დაშვებული შეცდომაა. კომისიამ შეადგინა ოქმი და ეს ბიულეტენი არ იქნება გამოყენებული.

    გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მარნეულის #89 უბნიდან გაიტაცეს გადასატანი საარჩევნო ყუთი, თუმცა ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდევილეს. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინაროებს.

  • დღეიდან საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

    თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. 

    თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება და ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს საშუალებით. 

    პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

    რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

    აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაცია ფორმაში დაემატება ხუთი ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაც უკვე მიენიჭა ნომრები. ესენია: N33-ს საჯარო ბაგა-ბაღი - ვაშლიჯვრის დასახლება, ზონა 2; N69-ე საჯარო ბაგა-ბაღი - ჩიტაიას ქუჩა N6; N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი - პეკინის გამზირი N23; N113-ე საჯარო ბაგა-ბაღი ურეკის ქუჩა N4; სოფელ წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი - სოფელი წინუბანი.

  • თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

    თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 7 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

    თემურ თორდინავას თქმით, თბილისის საჯარო ბაღებში 2017-18 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 13:00 საათზე, რომლის დროსაც რეგისტრაციას სააგენტოს ვებ-გვერდზე გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი ან შვილები იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით უკვე სარგებლობენ, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები. 

    სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე. ამ შემთხვევაში რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დარეგისტრირებულთა კატეგორიებში არ შედიან. 

    თორდინავამ საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი სააღმზრდელო წლისთვის თბილისში 13 000-მდე ბავშვის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა. მისივე თქმით, ბაღებში ჯგუფების დამატება ახალი ბაღების მშენებლობით გახდა შესაძლებელი. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეისათვის თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 60 000-მდე აღსაზრდელი დადის. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური