ივანიშვილი შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას სასამართლოში უჩივის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:58

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას Credit Suisse-ს სასამართლოში უჩივის. სარჩელი ივანიშვილის ადვოკატებმა ჟენევაში უკვე შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.ორგანიზაცია ივანიშვილის ფინანსურ პორტფელს განკარგავდა. ყოფილი პრემიერი კი კომპანიას მისი ფინანსების არასწორ მენეჯმენტსა და ფინანსური ზარალის მიყენებაში ადანაშაულებს.ადვოკატებმა სარჩელი ჟენევის სასამართლოში დეკემბერსა და იანვარში, მათ შორის თაღლითობის ბრალდებითაც შეიტანეს.ჟენევის სასამართლომ თავად Credit Suisse-ის საჩივრის საფუძველზე უკვე წაუყენა ბრალი კომპანიის ყოფილ მენეჯერს, რადგან არსებული ეჭვის საფუძველზე, ის რამდენიმე კლიენტის ფინანსურ დანაკარგს ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან ფარავდა.

წაკითხულია 586 ჯერ

Related items

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა

    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. ბ. ივანიშვილმა დღეს საზოგადოებას ღია წერილით მიმართა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებაც სწორედ ამ წერილში ისაუბრა.

    „ნიუს დეი საქართველო“ ბ. ივანიშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

    „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.

    ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში.

    ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი. ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია.

    შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა - „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.

    ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.

    დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.

    ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. 

    სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს  გახდის ხელისუფლებას.

    პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.

    როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია.  შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.

    არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით - ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და  ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ  არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას.

    შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება.

    დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.

    რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ,,მოღვაწეობის“ შედეგი, - ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.

    რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს,  პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, - ცხოვრება გამოაჩენს...

    პოლიტიკაში შემოსვლის მიზანი და ამოცანები

    2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:

    1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;

    2)  ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.

    შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა - მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს.

    რეტროსპექტივა

    რაკი რვაწლიანი პერიოდის შეფასება განვიზრახე, ამ კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები ჩემი პირველი წერილიდან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ ნაბიჯით მოვედი პოლიტიკაში და უაღრესად რთულ და საშიშ გარემოში თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შენება.  წერილში შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა. თუმცა, ვნახოთ, რას ვწერდი მაშინ, 9 წლის წინ, მიზნებთან დაკავშირებით:

    „გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:

    • ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება
    • გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს
    • პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული
    • დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ
    • პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა
    • შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას
    • ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ
    • დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება
    • გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…”

    „...პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის.“

    „ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი – როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა.“ 

    „უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა, ...რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს.“ 

    ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს.

    საიდან დავიწყეთ

    2011 წლის შემოდგომისთვის ქვეყანაში იყო უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. ოპოზიცია ძალაგამოცლილი და თითქმის განადგურებული იყო -  ბოლო პოლიტიკური ერთობა ოპოზიციური „რვიანის“, შემდეგ კი, „ექვსიანის“ სახით, საბოლოოდ იყო დაშლილი.

    ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, - სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან  ვერ შევძელით - შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა. ამიტომაც არის,  საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობა  სწორად რომ არჩევს ავსა და კარგს. 

    2020 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია.

    გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა,  როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი   ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ,  პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი.

    ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურას

    ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა. მართლაც უცნაური და უჩვეულოა, რომ თავისდა უნებურად და, ცხადია, აბსოლუტურად გაუაზრებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა მთავარი როლი საზოგადოების საბოლოოდ გამოღვიძების საქმეში. სწორედ მისი ბარბაროსული მმართველობის დროს ადამიანებმა მკაფიოდ და ნათლად დაინახეს, რომ თუ ოდნავ მოადუნებ ყურადღებას, უკრიტიკოდ დაუჯერებ ლამაზად შეფუთულ და პოპულისტურ დაპირებებს, ვინმეს ჯინაზე მიიღებ ემოციურ და სულსწრაფ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია საკუთარი ხელით აირჩიო  ისეთი ხელისუფლება, რომელიც  მტერზე გაცილებით უარესად, სასტიკად  და დამამცირებლად მოგექცევა, დაჟინებით შეეცდება გადაწეროს შენი ისტორია, შეარყიოს ეროვნული  ღირებულებები. ჩემი ღრმა რწმენით, ესაა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სიმდიდრე, რასაც, იმედი მაქვს, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ წაშლის და გააქრობს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა მითხრა, ჩვენ გენდეთ და მხარდაჭერა გამოგიცხადეთ, ახლა შენ უნდა მიხედო ქვეყანასო. არ დავმალავ და, ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. ხელისუფლების მიმართ სიფხიზლე და კონტროლი ხალხმა არასდროს არ უნდა შეასუსტოს. ახლა ჩვენი საზოგადოება არსებითად შეცვლილია. დღეს ის თავისი პოლიტიკური სიმწიფითა და თვითშეგნებით დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნების საზოგადოებათა მსგავსია. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი, ამიტომ, არა მხოლოდ ცხრა წელი, ცხრა კვირაც კი აღარ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრას, დაშინებას, შევიწროებას, მის თავაშვებულობასა და თვითნებობას. ამიერიდან, ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ იხილავს დანებებულ და ხელებაწეულ საზოგადოებას. მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში. „ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორგანიზაციული და სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად დასავლურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კლასიკურ ევროპულ პარტიად, რაც იყო ჩემი ოცნება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია. როდესაც ხალხის გადაწყვეტილებით, დემოკრატიული არჩევნების გზით ,,ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას, სწორედ ეს პარტია, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, იქნება  დიქტატურის გამეორების ძირითადი შემაკავებელი და ჩამკეტი. „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს გასაქანს, უფლებასა და საშუალებას, დემოკრატიული გარდაქმნის ამ ურთულესი წლების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს და დაანგრიოს. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს, ჩვენი სამშობლოს მწარე წარსულის გამოცდილებას კი, გამოიყენებენ ბედნიერი და ღირსეული მომავლის ასაშენებლად. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა ფუნდამენტური სხვაობა მმართველობის რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს შორის, - როდესაც ხელისუფალი ბატონია და ხალხი მსახური, და დღევანდელი - როცა ხელისუფლებაა ხალხის მსახური. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება აღარასდროს გააკეთებს მცდარ არჩევანს და არ დათმობს თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანების უფლებები უნდა გახდეს  ჩვენი ერის მტკიცე კონსოლიდაციის საფუძველი, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ბნელ წარსულში დაბრუნების საფრთხეს.

    დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს

    „ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში  გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი  ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში  „ქართული  ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია.  მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა  დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება.

    ქვეყნის ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ და კარგად გააზრებულმა რეფორმებმა, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის შეუქცევად პროცესს. ამ წერილის დანართში მოტანილია მაგალითები და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა უტყუარობაც დადასტურებული და აღიარებულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო-სარეიტინგო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის დასკვნებითა და ყოველწლიური ანგარიშებით. სწორედ აქ ჩანს თვალსაჩინოდ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად მიღწეულია თვისებრივი  გაუმჯობესება და წარმატებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკლებლივ ყველა სფეროში. ეს ეხება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დამნაშავეობასა და კორუფციასთან ბრძოლას, ისე დამოუკიდებელი მართლმასჯულების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება სამომავალოდ საქართველოს წინსვლის საიმედო საყრდენი.

    კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად,  ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის,  რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.

    დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.

    არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა.

    ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.

    რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა.

    გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია,

    არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და  პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი  კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი  ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი  და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

    ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კვლავ პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია,  ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების  სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.

    შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის  ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში  თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება. დიდი ილია ამბობდა, ,,შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ...“

    ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა და გამარჯვებაში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა დამარცხებული ძალა, ნიჭიერებაზე ზოგადი საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ არანაირი ცალკე აღებული უნარი, აზროვნების სისხარტე, განათლება, პროფესიის უბადლო ფლობა და მიზანდასახულობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერებად. როდესაც ადამიანის მოქმედებას თან არ ახლავს მორალური თვითშეზღუდვის ინსტინქტი და ამოსავალ წერტილად არა საზოგადოებრივი სიკეთე, ხალხისა და ქვეყნის მსახურება, არამედ ყველაფრის ფასად საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება დაუსახავს, ვერ უწოდებ ნიჭიერს.

    მაშინ ამის ახსნას მცირემიწიანი გლეხის მაგალითზე შევეცადე, რომელიც ისე ირჯება საკუთარ ეზოში, რომ მეზობელი არ შეაწუხოს. ის თანდაყოლილი ტაქტით, შინაგანად გრძნობს უხილავ საზღვარს კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. ეს არის მისი ღირსებით აღსავსე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს არის მისი ნიჭი. სწორედ ამიტომ არ მჯერა „ბოროტი გენიის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხოლოდ სიკეთის თესვით, ოჯახთან, სამშობლოსთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ვლინდება. მას კი, ვინც დაცლილია ამ უნარისგან, ვინც არა თუ მეზობელს, ქვეყანასაც არაფრად აგდებს და მზად არის ქვა-ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ საკუთარი, კერძო ინტერესი დაიკმაყოფილოს, მხოლოდ უნიჭო შეიძლება ეწოდოს. 

    დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან - უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკის საკითხია და მისი გადმოტანა ქართულ პოლიტიკაზე, რომელშიც ზნეობა ანაქრონიზმად და დასაცინ გულუბრყვილობადაა შერაცხული, ზოგჯერ უმადურ საქმედაც მეჩვენება.

    არადა, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ:

    „მერე რა, რომ დავმარცხდით?!

    მერე რა, რომ არ გაყალბებულა?!

    მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?!

    მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?!

    მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?!

    მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?!

    არა!

    ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ!

    ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში!

    ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“ .

    (დააკვირდით, როგორ ზუსტად ჯდება ეს ყველაფერი ოპოზიციის ხელწერაში, - ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ურცხვად მოუყვნენ ხალხს ზღაპრები „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ვითომდა განცდილ რვაწლიან რეგრესზე, ქვეყნის დანგრევასა და განადგურებაზე. და ამას ამტკიცებენ იმ ფონზე, როდესაც შიდა ეროვნული სტატისტიკა (ცესკოს შედეგების მსგავსად) და საერთაშორისო რეიტინგები (ეუთო/ოდირის და მოკავშირეთა დასკვნების მსგავსად) დიამეტრულად საპირისპიროს ამტკიცებს და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში თვისებრივ გაუმჯობესებასა და პროგრესს ცხადყოფს).

    ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან ეს უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად.

    უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად გააზრებული ხერხია. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, როცა სოციალისტური მოძრაობა გაჩნდა რუსეთში, დოსტოევსკი ზუსტად აღწერდა ამგვარ უტიფარ პერსონაჟებს: „მიეცით ხალხს უფლება უღირსებობაზე და ყველას დაეუფლებით, არცერთი იქ არ დარჩება. ჩვენი სწავლება - ესაა ღირსების უარყოფა და ღიად გამოხატული უფლება უღირსებობაზე”. ამ სახელმძღვანელოთი მოქმედებენ ისინი დღემდე, რადგან სიყვარულით შენება მათ არ შეუძლიათ, ამის ნიჭი, უბრალოდ, არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც იციან, რა არის ეს. არადა, ამ უნიჭობამ დაამარცხა ისინი და ამ უნიჭობამ შვა უტიფრობა, უტიფრობამ კი - უღირსებობა. თავსლაფდასხმული, შერცხვენილი ხალხი დღესაც უტიფრად დგას, ძალადობს და ტყუილს სიმართლედ გვასაღებს.

    ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.

    ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც, - სუსტები არიან და იმიტომ. დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია.

    ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც.

    მარცხდებიან, რადგან ხალხი, რომლის სიბრძნეშიც ვერა და ვერ დარწმუნდა საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული ოპოზიცია, ზუსტად ხედავს და აფასებს განსხვავებას - „ქართული ოცნების“ სახით დღეს ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი.

    ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს.

    სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას.

    ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის  ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა. 

    ამ ფონზე, მახსენდება 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენი ხალხი ითხოვდა დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში მდგომი საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების სრული შემადგენლობის დასჯას, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ ხალხზე ძალადობაში თანამონაწილე ოდესმე მის უსაფრთხოებას დაიცავდა.

    მოვლენები კი, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც მაშინვე ვაცხადებდი, პრინციპულად და საჯაროდ - თუ სისტემას ჩამოშორებოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ძალადობრივი პოლიტიკისა და იდეოლოგიის სულ რამდენიმე მოთავე და სულისჩამდგმელი, სისტემა, ყოველგვარი მასობრივი წმენდისა და რეპრესიის გარეშე, ხალხის სამსახურში ჩადგებოდა.

    რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს.

    მჯერა, რომ იგივე ვრცელდება პოლიტიკაზეც - თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც.

    სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის   კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

    დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

    მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.

    მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

    მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს,  ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

    დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.

    კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით  ყველას.

    ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო!

  • ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს ბანკი, კოვიდ-19-ის კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზს 25 მილიონი ევროს ოდენობით ზრდის
    • ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 75 მილიონ ევრომდე ზრდის, რათა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. მხარდაჭერა ვრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებზეც.
    • აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს კოვიდ-19-ის პანდემიაზე „ევროპის გუნდის“ მყისიერი რეაგირების ნაწილსრომლის მიზანია დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და საქმიანობის შენარჩუნებას და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას.
    • 2007 წლიდან ევროკავშირის ბანკმა უზრუნველყო დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანმრთელობის დაცვის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად.

    ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, უზრუნველყოფს 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის საქართველოს ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის გასაზრდელად. აღნიშნული რესურსი ქვეყნის ეკონომიკას კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის - ლარში.

    იმ დროს, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს.
     
    ევროკავშირის ბანკის მიერ უზრუნველყოფილი ინვესტიცია გააძლიერებს მცირე და საშუალო ზომის და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ხერხემალსა და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ, ასევე ქვეყნის ფინანსურ სექტორს, პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად საჭირო შესაძლებლობების გაზრდის გზით.
     
    ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: “როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს, და პანდემიის მიუხედავად მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის“.
     
    საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განაცხადა: „პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირმა საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის - 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს“.
     
    საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ჩვენი ძალიან წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. მულტისავალუტო გრძელვადიანი რესურსი გვაძლევს შესაძლებლობას, აღნიშნული სახსრები მცირე და საშუალო ბიზნესის და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების ვალუტაზე მოთხოვნისა და სესხების დაფარვის ვადების გათვალისწინებით გამოვიყენოთ. ასეთი ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს.  ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მოწინავე პოზიციებს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ბაზრისთვის მიწოდების კუთხით. მსურს მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს თანამშროლობისათვის. იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ არა ერთ წარმატებულ შეთანხმებას მივიღებთ“.
     
    „ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება
     
    ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი საქართველოს ბანკს  შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.  
     
    საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი  კიდევ უფრო მიმზიდველია კოვიდ-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დასახმარებლად.
     
    ეს არის ევროპის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის დადებული მესამე ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალი კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 330 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყანაში 54 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

    ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი

  • ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

    ლიბერთი ბანკი სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს - 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს.

    ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. ახალი აქციის პირობებიც სწორედ იმ მიზნით შემუშავდა, რომ რთულ და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი მომხმარებელს და შეუმსუბუქოს პანდემიით გამოწვეული სიძნელეები.

    ახალი აქცია ფიზიკური პირებისთვის  სამომხმარებლო სესხზე 4 თვემდე საშეღავათო პერიოდს ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე ახალი ან რეფინანსირებული სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებელი 4 თვემდე ვადით სრულიად თავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან და დაფარვას 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

    სესხის მისაღებად, აქციის ფარგლებში არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა და გათვალისწინებული იქნება ნებისმიერი ტიპის დადასტურებული შემოსავალი, მათ შორის, ფულადი გზავნილიც.

    სესხის პირობების გასაგებად ბანკში ვიზიტი არ არის საჭირო - პანდემიის გათვალისწინებით, ლიბერთი ბანკის ექსპერტები მიიღებენ განაცხადებს ონლაინ და დისტანციურად მოემსახურებიან მომხმარებელს.

    „წინასაახალწლო პერიოდში პირადი მიზნებისთვის თანხები ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი დღევანდელ ვითარებაში. გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ საშუალება მარტივად აიღონ თანხა პირადი მიზნებისთვის და გადახდისგან დაისვენონ მომავალი 4 თვის განმავლობაში.  ლიბერთისთვის უპრეცედენტო პირობები როგორც ახალ, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სამომხმარებლო სესხებზე ვრცელდება.“- გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი

    31 დეკემბრამდე მიმდინარე აქცია ასევე ითვალისწინებს მცირე ბიზნესის მხარდაჭერასაც. პირობები გავრცელდება როგორც ახალ, ასევე რეფინანსირებულ სესხებზე.

    „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით ბიზნეს სექტორს და ერთად ვმუშაობთ კრიზისის პირობებში მათთვის საუკეთესო გამოსავალის მოძებნაზე. ამ გამორჩეულად რთული წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ვფიქრობთ, საშეღავათო პერიოდი არის სწორედ ის, რაც ნებისმიერ ბიზნესს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. საკრედიტო პროდუქტის პირობები კი აქციის ფარგლებში ბაზარზე საუკეთესოა“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

    ლიბერთის ყველა შეთავაზების ნახვა და განაცხადის შევსება როგორც სამომხმარებლო და ბიზნეს, ისე სხვა ტიპის სესხებზე, შესაძლებელია დისტანციურად და სახლიდან გაუსვლელად: libertybank.ge

    ლიბერთი ბანკის პრეს რელიზი

  • ანაკლიის პორტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ მიმართული კამპანიის დეტალები ცნობილია

    მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს ეკონომიკური სარგებელი დააკარგინა

    თბილისი, საქართველო, 2020 წლის 9 სექტემბერი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) დღეს გააზიარა დამატებითი დეტალები საქართველოს მთავრობის კამპანიის შესახებ, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმართული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გასაჩერებლად - ახდენდა რა პოტენციური ინვესტორების, დამფინანსებლების, კონტრაქტორებისა და მომწოდებლების დემოტივირებას.

    კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით შემდეგი განცხადება ვრცელდება:

    ასეთი მასშტაბის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა; კერძოდ, ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების წახალისება, მხარდაჭერა ნებართვებისა და სავალდებულო თანხმობების მოპოვებაში, განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი და სხვა; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ასევე - მიწის გამოყოფა და გზითა და რკინიგზით უზრუნველყოფა. მსოფლიო ეკონომიკაში იშვიათია შემთხვევა, რომ მთავრობამ ოპონირება გაუწიოს მის მიერვე დამტკიცებულ პროექტს.

    საქართველოს მთავრობის კამპანიამ, რომლითაც კონსორციუმს ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში,  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და მის როლს რეგიონში.

    საქართველოს მთავრობის კონკრეტულ ქმედებებს თუ გადავხედავთ, ეს არის მიზანმიმართული და კარგად ორკესტრირებული კამპანია პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თავდაპირველად მთავრობა თვითონ უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ მისი განადგურება გადაწყვიტა - მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გავლენით.

    მთავრობამ სხვადასხვა არგუმენტები გამოიყენა პროექტში ჩართული სხვადასხვა  ინვესტორის, დამფინანსებლისა თუ პარტნიორის მიმართ, თუმცა, მისი მიზანი იყო ერთი: დაეფრთხო ყველა, ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა ინტერესი პროექტთან მიმართებაში და ამით დაესვა წერტილი პროექტისთვის.

    ეს მხოლოდ დამთხვევაა, რომ მინისტრები (და მათ შორის ორი პრემიერ-მინისტრიც), რომლებმაც გააჟღერეს თავიანთი მხარდაჭერა პროექტის მიმართ ან გამოთქვეს წუხილი პროექტის ირგვლივ წარმოშობილ წინააღმდეგობებზე, მალევე გადადგნენ ამგვარი განცხადებების გაკეთებიდან?

    მთავრობის ქმედებების გამო საქართველოსთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ანაკლიის პორტისა და მასთან ასოცირებული სპეციალური ეკონომიკური ზონის დანაკარგები. მთავრობის ქმედებები აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს - მაშინ, როცა საქართველოს ჰაერივით სჭირდება უცხოური ინვესტიციები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს არსებული, თითქმის 2 მილიარდიდან, 1.3 მილიარდამდე შემცირდა ; 2020 წლის პირველ კვარტალში კი მხოლოდ 171.8 მილიონს შეადგენდა[1]. ეს არის კატასტროფული ვარდნა, თანაც კოვიდ-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე. როგორც ევროპული პოლიტიკური ანალიზის ცენტრის წარმომადგენელმა, აშშ-ის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, „მთავრობამ მხოლოდ თავისი თავი უნდა დაადანაშაულოს“[2].   

    ზოგიერთი მაგალითი, თუ როგორ ცდილობდა მთავრობა კონსორციუმისა და ანაკლიის პორტის პროექტის მოხრჩობას:

    2017 წლის ნოემბერი

    • ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კონსორციუმთან შეხვედრა ითხოვა ანაკლიის პორტის პროექტის განსახილველად და განაცხადა, რომ ფოთის პორტის გაფართოებით იგივე მიზნის მიღწევა შეიძლებოდა გაცილებით ნაკლები დანახარჯით.

    2018 წლის ივნისი

    • ქართული ოცნების 12 ივნისის კრებაზე, რომელსაც პარტიის 100-ზე მეტი ოფიციალური პირი ესწრებოდა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის მხარდამჭერ მოქმედებებში და ახლო კავშირში კონსორციუმის ინვესტორ მამუკა ხაზარაძესთან. ბატონი კვირიკაშვილი ამ შეხვედრიდან მეორე დღეს თანამდებობიდან გადადგა. 

    2018 წლის ოქტომბერი

    • 2019 წლის თებერვალში კონსორციუმისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისში, გიორგი გახარიამ (მაშინდელმა შსს მინისტრმა) აშშ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ იყო საქართველოს ინტერესებში.

    2019 წლის იანვარი

    • SSA Marine-მა, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად იყო შერჩეული და ასევე პროექტის პოტენციურ ინვესტორს წარმოადგენდა, კონსორციუმს აცნობა იმ საფრთხის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ ფოთის პორტის გაფართოებას უჭერდა მხარს (2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის დაკვეთით განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოთი ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოსთვის საჭირო ღრმაწყლოვანი პორტის კრიტერიუმებს, ამიტომაც მაშინ თვითონვე აირჩია საქართველოს მთავრობამ ანაკლია. მოგვიანებით კი მთავრობამ მიდგომა შეცვალა და მისი მხრიდან ფოთის გაფართოების თაობაზე გამოხატული მხარდაჭერა გახდა მკაფიო სიგნალი საინვესტიციო წრეებისთვის, რომ მთავრობა არ უჭერდა მხარს ანაკლიას).  

    2019 წლის თებერვალი

    • ევროპის ერთ-ერთმა სუვერენულმა ბანკმა (development bank) კონსორციუმს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ვეღარ დააფინანსებდა პროექტს - მთავრობის ნეგატიური ქმედებებისა და ფოთისკენ გადახრილი მხარდაჭერის გამო.

    2019 წლის თებერვალი

    • ევროპის მეორე სუვერენულმა ბანკმაც განუცხადა ADC-ს, რომ მისი პარტნიორი ინსტიტუტის მსგავსად, ისიც უარს ამბობს პროექტში მონაწილეობაზე - ზემოხსენებული მიზეზით, ვინაიდან სახელმწიფომ აშკარად შეცვალა მისი მხარდაჭერა ანაკლიიდან ფოთის მიმართულებით.

    2019 წლის მარტი

    • ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში მინისტრის მოსმენაზე, ძირი გამოუთხარა SSA Marine-ს, როგორც პოტენციურ ინვესტორსა და პორტის ოპერატორს, როდესაც განაცხადა, რომ კომპანიას არ გააჩნდა გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები. ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე დაარღვია საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის ვალდებულებები.

    2019 წლის აპრილი

    • SSA Marine-მა შეატყობინა ADC-ის, რომ ის აჩერებდა აქტივობებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

    2019 წლის აპრილი

    • ბატონმა გიორგი ქობულიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, განაცხადა “Forbes Week”-ში, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული უარყოფითი საჯარო და მედია განცხადებები ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ბიზნეს გარემოზე საქართველოში. აღნიშნული ინტერვიუს შემდგომ ის რამდენიმე დღეში გადადგა.

    2019 წლის მაისი

    • ამერიკულმა დიდმა კერძო საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე იყო ADC-სთან, რათა მონაწილეობა მიეღო პროექტში, განუცხადა ADC-ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა კომპანია გააფრთხილეს, რომ ისინი განზე გამდგარიყვნენ პროექტიდან.

    2019 წლის ივნისი

    • პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აშშ-ში სავაჭრო ვიზიტის დროს, ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა SSA Marine-ის, აშშ-ის კერძო საინვესტიციო ფირმის ხელმძღვანელობას, რომელიც დაინტერესებული იყო პროექტში ინვესტიციით, და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. პრემიერ მინისტრთან გვერდით მდგომმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, გამოხატა მხარდაჭერა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და განაცხადა რომ „ეს გააძლიერებს საქართველოს კავშირებს თავისუფალ ეკონომიკასთან და არ მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ბატონმა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, რამაც პროექტი კვლავ ჩააყენა გაურკვეველ მდგომარეობაში. 

    2019 წლის სექტემბერი

    • თბილისში გამართულ შეხვედრაზე, ჰონგ კონგში დაფუძნებულ უმსხვილეს კერძო საინვესტიციო ჯგუფს, რომელსაც გააჩნია ცენტრალური აზიის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სინერგია, და რომელიც განიხილავდა პროექტში შემოსვლას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ცქიტიშვილმა მკვახედ უთხრა, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში. ამავე შეხვედრაზე ქალბატონმა ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის აშკარა წინააღმდეგობა SSA Marine-ის პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

    2019 წლის სექტემბერი

    • გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, იცრუა როდესაც თქვა რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კერძო საინვესტიციო ჯგუფი არის „რუსული კომპანია“, რაც მიზნად ისახავდა, დაემცირებინა ეს კომპანია ან გამოეწვია შემდგომი დაბნეულობა მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით პროექტის მიმართ.

    2019 წლის სექტემბერი

    • ADC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ „საკითხები უნდა დაცხრეს“, მანამ სანამ ის შეძლებს დაარწმუნოს დიდი პოტენციური ამერიკული ინვესტორი, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, რაც საბჭოს წევრის მიერ აღქმულ იქნა, რომ ეს იყო პირობა, რომ ADC-ისა და ბატონ ხაზარაძეს შეეწყვიტა მთავრობის საჯაროდ კრიტიკა, ხოლო მთავრობა ADC-ის კრიტიკას შეწყვეტდა.
    • ასევე, იგი სამეთვალყურეო საბჭოს დაპირდა, რომ მთავრობა მისცემდა მას ამერიკული ინვესტორისთვის „მხარდაჭერის წერილს“, რაც არასდროს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ADC დათანხმდა მთავრობის მოთხოვნას.   

    2019 წლის სექტემბერი

    • აშშ-ის დელეგაცია (რომელიც მონაწილეობას იღებდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დასპონსორებულ მე-5 ყოველწლიურ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე) შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს. დელეგაციის წევრებმა ბატონ ხაზარაძეს უთხრეს, რომ პრემიერ მინისტრმა გახარიამ მათ უთხრა, რომ ანაკლიის პროექტი არ იყო კომერციულად მომგებიანი, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

    2019 წლის ოქტომბერი

    • ფადი ასლიმ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარემ საქართველოში, განაცხადა მედიაში, რომ „არავინგანახორციელებს ინვესტირებას ანაკლიის პროექტში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სურს მისი განადგურება“.

    ზემოთ თქმული არის მხოლოდ ნაწილი იმ შემთხვევებისა, სადაც საქართველოს მთავრობა აქტიურად უთხრიდა ძირს პროექტს და ADC-ის მიერ პროექტის განვითარებას. ADC ყველა მტკიცებულებას წარადგენს საარბიტრაჟო დავაში, რათა დაადასტუროს რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ აღნიშნულის განსახორციელებლად.

    შემდგომი დეტალები ანაკლიის პროექტის და ADC-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://anakliadevelopment.com

     

  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს შეაქვთ საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ

    სარჩელები ეხება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, მთავრობის ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, ანაკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას.
    თბილისი, საქართველო, 30 ივლისი, 2020 - ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და ბატონმა ბობ მეიერმა, ADC-ის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ორი სარჩელით, ADC და ბატონი მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1.0 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-ისა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის.
    2016 წელს ADC-ის მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა ანაკლიის პორტის პროექტი. პროექტის (მასთან დაკავშირებულ სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან ერთად) მიზანია, საქართველო აქციოს სტრატეგიულ ჰაბად რეგიონული ვაჭრობისთვის აზიასა და ევროპას შორის, შექმნას ათასობით სამუშაო ადგილი, შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, და გამოაცოცხლოს საქართველოს ეკონომიკა, იმ დროს, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური აღმასვლა ყველაზე მეტად სჭირდება. არ არსებობს სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა ან მდებარეობა საქართველოში შავი ზღვის აუზში, გარდა ანაკლიისა, სადაც არის შესაძლებლობა, განხორციელდეს მსოფლიო მასშტაბის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
    ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელიც დაფუძნდა ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებისთვის, შედგება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან. ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC). ბატონმა ბობ მეიერმა, ცნობილმა ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით ახორციელებს ინვესტირებას, სარჩელი შეიტანა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), საქართველოსა და ჰოლანდიას შორის გაფორმებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
    მთავრობისა და მმართველი პარტიის - ქართული ოცნების ორწლიანი კამპანიის შემდეგ, დაებრკოლებინა ADC-ის ძალისხმევა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, 2020 წლის იანვარში, მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, ADC-ისა და მის ინვესტორებს სრულად დააკარგვინა მათ მიერ ინვესტირებული თანხები, წაართვა სამომავლო შემოსავლები და მიაყენა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი.
    მიუხედევად იმისა, რომ მთავრობამ, კონკურენტული შერჩევის გზით, გამჭირვალე პროცესის საფუძველზე მიანიჭა პორტის პროექტის განვითარების უფლება ADC-ის, და მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი იყო, რომ პროექტს ექნებოდა მთავრობის დიდი მხარდაჭერა, საერთაშორისო ინვესტორებისა და დაფინანსების მოსაზიდად, ფაქტობრივად, მთავრობამ ძალიან მალევე შეიცვალა კურსი და დაიწყო როგორც ღია, ასევე ფარული კამპანია, რათა პროექტი არასდროს განხორციელებულიყო.
    მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს პროექტი და მისი აქციონერები, როგორც საჯარო, ასევე კერძო შეხვედრებში, განუცხადეს პოტენციურ ინვესტორებსა და დამფინანსებლებს, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში, რაც ნათელი დადასტურება იყო აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომ პროექტს არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. მთავრობის აგრესიულმა კამპანიამ ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ADC-ისა და მის ინვესტორებს მიაყენა დიდი ოდენობის ზიანი.
    მთავრობისა და ქართული ოცნების უკანონო და არაეთიკურ ქმედებებს შორის, აღსანიშნავია უსაფუძვლო გამოძიების დაწყება ფულის გათეთრების ბრალდებით, წარმატებული ქართველი ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც პროექტის მთავარი ინვესტორები არიან. აღნიშნული ცილისმწამებლური ბრალდებების წაყენება ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა, ინვესტორებისა და დამფინანსებლების დაფრთხობას, რათა მათ თავი შეეკავებინათ პროექტის მხარდაჭერისაგან. ასეთი მხარდაჭერა კი, აუცილებელი იყო პროექტის წარმატებისთვის. სამწუხაროდ, მთავრობის კამპანია ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან, ინვესტორებმა და დამფინანსებლებმა, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მკაფიო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, თავი შეიკავეს და უარი თქვეს პროექტში მონაწილეობისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა და ასევე, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, ფულის გათეთრების საქმის შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ბრალდებები ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ სრულიად
    უსაფუძვლოა. ქვემოთ მოცემული განცხადება ასახავს ADC-ისა და ბატონი მეიერის შეხედულებას აღნიშნულთან დაკავშირებით: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორებს ღრმად სწამთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა უნდა განხორციელდეს და რომ პროექტი შექმნის უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობას საქართველოსთვის. თუმცაღა, აღნიშნული წარმატება მხოლოდ მთავრობის აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი, და ჩვენ გვსურს გამოვნახოთ გზა, რათა ეს პროექტი კვლავ განხორციელდეს.
    მიუხედავად ამისა, ADC-მა და მისმა ინვესტორებმა უნდა დაიცვან მათი უფლებები და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართეთ, რათა გვეთანამშრომლა
    მთავრობასთან, შესაძლო გამოსავლის მოძებნის მიზნით, ჩვენ ყოველ ჯერზე მივიღეთ მტკიცე უარი. როგორც პატრიოტული ჟესტი, ADC-მა შეაჩერა აღნიშნული სარჩელების შეტანა
    კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეგვეშალა მთავრობისთვის, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
    სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს ADC-ის, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა, და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის. მთავრობა ყველას არწმუნებს, რომ მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება, ვინაიდან, ADC-იმ ვერ შეასრულა ხელშეკრულების გარკვეული ვალდებულებები. სინამდვილეში, მთავრობა მიზანმიმართულად მოქმედებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ADC-ის ვერ განეხორციელებინა პროექტი წარმატებით. ამ შემთხვევაში, მთავრობამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებები, ვინაიდან მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გადაწყვიტეს, რომ პროექტის წარმატება იყო მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგო. ამ პროცესში, კი მთავრობამ დააზარალა ქართველი ხალხი. საქართველოს მთავრობის (პარტია ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით) მხრიდან, ADC-ისა და ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და მისი აგრესიული კამპანია, მიმართული პროექტის, ADC-სა და მისი ინვესტორების წინააღმდეგ, როგორც ჩანს, განპირობებულია რამდენიმე მოტივით, რომელთაგან ორი არის ძალზედ აშკარა. პირველი, როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს, შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. მეორე, როგორც გამოიკვეთა, ბატონი ივანიშვილი და ქართული ოცნება ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ, რომელმაც ნათლად აღნიშნა, მისი უარყოფითი დამოკიდებულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის (რომელიც არის ძალიან ახლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან) და მასთან დაკავშირებული დასავლური მხარდაჭერის მიმართ. ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირგამომთხრელი კამპანიითა და საარბიტრაჟო დავის ფორსირებით, მთავრობა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას. გარდა იმ ეკონომიკური სარგებლის დაკარგვისა, რომელსაც ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა მოუტანდა ქვეყანას, ან იმ არასასურველი ფინანსური პასუხიმგებლობისა, რაც სახელმწიფოს დაეკისრება, მთავრობა ფაქტობრივად ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ნებისმიერი ინვესტიცია. ხელს უშლის სამუშაო ადგილები შექმნას და დოვლათის შემოსვლას, და ხელიდან უშვებს გადამწყვეტ მომენტს, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გახდეს რეგიონული ჰაბი აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის.
    შეჯამებისთვის, იმ მიდგომით, რომლითაც მთავრობამ განახორციელა შეტევა ADC-ზე, მის ინვესტორებსა და პროექტზე, მთავრობა შესაძლოა არღვევდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში შემოთავაზებული დახმარების ერთ-ერთ პირობას, რომლის თანახმად, დახმარების 15% იქნება შეჩერებული მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა, კანონმდებლობის თანახმად, „იცავს უცხოური ბიზნესის ინტერესებს და რომ მათ შეუძლიათ საქართველოში ბიზნესის წარმოება რაიმე ძალდატანების გარეშე და ასევე, შეუძლიათ სრულად მიიღონ ყველა კომერციული და ფინანსური სარგებელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული შედეგები კი არის მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი მთავრობისა და ქართულ ოცნების პასუხისმგებლობა“.
    შენიშვნა: ADC და ბატონი ბობ მეიერი წარმოდგენილნი არიან გუნდით, რომლებსაც ხელმძღვანელობენ - ბატონი ენდი მუდი, Baker McKenzie-ის ლონდონის ოფისი, და ქალბატონი ქეთევან ქვარცხავა, BLC, თბილისი.

    დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://anakliadevelopment.com

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური