მთავარ პროკურატურასა და შსს-ს გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 14:21
2016 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მთავარ პროკურატურასა და შსს-ს გიორგი კლდიაშვილს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი 2014 წლის 12 დეკემბერს იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით სააკავეს. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ ის 72 საათს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. 2015 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტებმა საკუთარ სარჩელში „ვერ შეძლეს გაექარწყლებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება“. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შსს-სა და მთავარ პროკურატურას სოლიდარულად დაეკისრათ 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ. ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის მატერილური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1180 ლარის ოდენობით იყო სამართლიანი. აღნიშნული ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ გიორგი კლდიაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მისი დამცველის მიერ მიღებული საადვოკატო მომსახურების ჰონორარი შეადგენდა 1180 ლარს.
წაკითხულია 608 ჯერ

Related items

  • ამერიკის საელჩომ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემა გადასცა

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    უწყების ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა. სპეციალური აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ პირადად დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. მობილური დაკვირვების სისტემები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

    „ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი თემურ კუპატაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ბაკურ ელისაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიზერი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი დაესწრნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

  • მიკროავტობუსი კლდოვანი ფერდობიდან გადავარდა, დაღუპულია 17 ადამიანი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

    სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

    შსს-ს ნფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 17 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო

    წყარო: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/13901

  • თბილისში “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად თბილისში “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ "ბაუჰაუს"-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს.
     
    შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
     
    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
     
  • თბილისში, “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად თბილისში, “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

    საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

    ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

     

  • შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

    ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

    აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

    აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური