შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 17:00

ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის საკითხებს და ხაზი გაესვა მიღწეულ შედეგებს. ყურადღება გამახვილდა "ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF)" ფორმატის მნიშვნელობაზე, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების გატარების ხელშეწყობას და ამ ქვეყნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

"ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, რომლებიც კარგად მიმდინარეობს. იგულისხმება მინისტრთა კაბინეტთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა. ამდენად, ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მიღწეული შედეგებით დავგეგმოთ სამომავლო საქმიანობა. ახლო მომავალში დამთავრდება მუშაობა სტრასბურგში საბჭოს ახალ სამოქმედო გეგმაზე საქართველოსთვის, რაც ჩვენს ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს. თანამშრომლობის მხრივ ჩვენ ისევ იმ მიმართულებებს განვავითარებთ, რაც ევროპის საბჭოს ძირითადი ღირებულებებია. მაგალითად, კანონის უზენაესობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა," - განაცხადა კრისტიან ურსემ შეხვედრის დამთავრების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

წაკითხულია 766 ჯერ

Related items

  • შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.

    შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას.

    მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერეულ ავიარეისებს განაახლებს.

    ავიაკომპანია Korean Air მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

  • ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი EBRD-ს პრეზიდენტს შეხვდა

    დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის, რომელიც ბანკის დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

    აღსანიშნავია, რომ EBRD-ს პრეზიდენტის რანგში ეს მისი მეოთხე ვიზიტია ქვეყანაში.

    შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში და მაღალი შეფასება მისცა ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.

    თავის მხრივ, EBRD-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან ბანკის წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას და აღნიშნა, რომ EBRD კვლავ გააგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმატორია. 

    ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის საქმიანობა, EBRD-ს მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლო პროექტები ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტებთან დაახლოების გზით.

    შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ს განსაკუთრებულ წვლილს ინვესტორთა საბჭოს მუშაობაში, რომლის მიზანია, ქვეყანაში საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე. 

    აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები. ასევე, 2017 წელს პირველად, გამოვიდა EBRD-ს ლარით დენომინირებული ევრობონდები.

    განხილულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. 

    დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ნაყოფიერი იქნება.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. 

    ამ დროისთვის, ბანკის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს, დაახლოებით, 3.2 მილიარდ ევროს.

  • საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს შეხვდა

    ლატვია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ირინა მურნიეცეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ხაზი გაესვა მე-13 მოწვევის საეიმას ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას. ასევე აღინიშნა 2017 წელს საქართველოში ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების შეხვედრა და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელება.

    შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროში.

    ინარა მურნიეცემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისდამი ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა. საეიმას სპიკერის თქმით, ლატვია მოხარულია საქართველოს დაეხმაროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს აღნიშნულ პროცესში გატარებული რეფორმების კუთხით. ასევე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 

    საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, რომელსაც ლატვიასთან ევროპული დემოკრატიის საერთო ფასეულობები და ღირებულებები აერთიანებს და ურყევად დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

  • ლევან იზორია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

    პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“ გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

    შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმები განიხილეს და 2019 წელს დაგეგმილ სწავლებებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლებაზე, ნატოს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

    შეხვედრის დასასრულს ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

  • ქართველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

    „ელჩების კონფერენციის“ დასკვნითი დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

    სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და პრიორიტეტებზე.

    საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა არსებულ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსთან, ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ანალიტიკური საქმიანობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის წარმართვისას. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

    სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის გზაზე ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას.

    შეხვედრის ფარგლებში  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით არსებული სიახლეები და პრიორიტეტები. ასევე, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად შექმნის მნიშვნელობას.

    შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარმატებული საქმიანობისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური