ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ინარჩუნებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:34

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს - ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს,"ნიუსდეი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. " საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 3 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დამატებით შებოჭვით შეასუსტებს ინფლაციურ ზეწოლას. პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში მცირედით გადააჭარბებს 5 პროცენტს, ხოლო შემდეგ ჩამოსცდება 5 პროცენტიან მაჩვენებელს, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა პროგნოზირებულთან შესაბამისია. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2015 წელს 2.8 პროცენტი შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. განვლილი პერიოდის მანძილზე ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული, თუმცა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო მომსახურების ტვირთის ზრდა, მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებდა.

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. 2015 წელს იმპორტის წლიურმა კლებამ 15.3 პროცენტი შეადგინა (ერთჯერადი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე). შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით საგარეო შოკის გავლენა გაცვლით კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.

 

2015 წლის მანძილზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე ნაწილობრივ აისახა. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარით დენომინირებულ სესხებზე და შედეგად შემცირდა საკრედიტო პორტფელის ზრდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას კიდევ უფრო შეასუსტებს და ფასებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე, თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ არის. შედეგად, საგარეო რისკებისა და ადგილობრივი ფაქტორების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.0 პროცენტზე შენარჩუნება. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 9 მარტს გაიმართება",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში,

წაკითხულია 902 ჯერ

Related items

  • ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    „ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

    ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ  შვიდ თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

    პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“, – აცხადებს ბანკი.

    ამასთან, უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

    „იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი,  შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და  ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

    ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. კარანტინის რეჟიმშია 5550 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

  • სალომე ზურაბიშვილი - ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველო - ნატოს ურთიერთობის ქვაკუთხედია

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.
    ,,საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, თუ რა გზაზე ვდგევართ - რომ ეს გზა უცვლელი და უალტერნატივოა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამხედრო, თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.
    ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსათვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
    ,,ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად დიდი პატივია, თქვენთან ხელახლა შეხვედრა. ბოლოს ჩვენ ბრიუსელში შევხვდით ახლა უკვე თბილისში შედგა ჩვენი შეხვედრა, რაც საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მაღალი დონის პარტნიორობას გამოხატავს.
    საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს. მე დღეს ერთობლივი წვრთნების ცენტრი მოვინახულე, სადაც ჩვენ, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს ვახორციელებთ.
    ეს მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო და ნატო მხარდამხარ მოქმედებენ. მე უაღრესად მადლობელი ვარ ერთობლივი უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის.
    ამას გარდა, საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა და წვლილი შეაქვს ჩვენს მისიაში, რომელსაც ავღანეთში ვახორციელებთ. მსგავსი ახლო თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ასევე, გეხმარებით თქვენ, რაც ჩვენი, როგორც საქართველოს, ასევე ნატოს ინტერესშია. საქართველო ნამდვილად უნიკალური პარტნიორია. მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესს.
    ნატოს ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვესწრებოდი ნატოს სამიტს 2008 წელს, ბუქარესტში, სადაც ჩვენ პირველად განვაცხადეთ აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, მსგავსი განცხადებები კვლავ გაკეთდა გასული წლის ივლისში, ბრიუსელში.
    ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები  საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
    შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას მისი მთავარი გზავნილი დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.
    პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ძალიან დამძიმდა ვითარება, ეს იქნება გატაცებები, თუ მუქარები ნატოს წვრთნების შესახებ.
    ,,ეს ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური სათქმელი უნდა იყოს, რათა მათ იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებსა და სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა საოკუპაციო ხაზზე იკეტება გადასასვლელი პუნქტები.
    ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია - მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს მან პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ  საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არებული ვალდებულებები.
    ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
    შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სამხედრო ასისტენტი გიერმუნდ ეიდე, საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ევროატლანტიკური და მსოფლიო პარტნიორობის ოფიცერი სტეფან ელგერსმა, გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის მოადგილე კრისტიან მესზაროსი, ნატოს პრესსპიკერის მოადგილე პიერ კაზალეტი.

  • მშვიდობის ძიებას ინოცავიური საგარეო პოლიტიკა ჭირდება

    ამ კვირაში სტამბოლი უმასპინძლებს ორ სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას. ერთი  მიეძღვნება კონფლიქტებში ჩართულ სახელმწიფოებსა და მედიაციის საშუალებებს  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC)  წევრობის ფარგლებში.  მეორე  კი უფრო ფართო ფორმატის იქნება, სადაც იმსჯელებენ მდგრად განვითარებას, მშვიდობასა და მედიაციას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე; საშუამავლო პროცესში გენდერული და ახალგაზრდული ჩართულობის  გაძლიერების გზებზე; აგრეთვე, აზრების გენერაციის სესია მიეძღვნება, კონფლიქტებისა და მედიაციის ანალიზის დროს ცენტრალური მონაცემთა ბაზისა და ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხს. შეიძლება ვიღაცამ ჩაითვალოს, რომ ესაა ერთ-ერთი მორიგი კონფერენცია, მაგრამ სტამბოლის მედიაციის კონფერენციმ უკვე გვაჩვენა, რომ იგი საკმაოდ გალენიანია  სხვადასხვა საკითხებზე ურთიერთგაგების მიღწევის და ასევე,  მედიაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სფეროებში  სამოქმედო დღის წერსიგის ჩამოყალიბების საკითხში.   თურქეთია  კონფერენციების მასპინძელი ერთადერთი ქვეყანა, რომელიც  მედიაციის ჯგუფების მეგობრების (The Friends of Mediation Groups) თანათავმჯდომარეა, სამი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის: გაეროს-ს, ეუთოს-ს და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, თურქეთს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს კონფერენციის დასკვნები ზემოაღნიშნულ საერთაშორიოს ორგანიზაციებში.

    21-ე საუკუნეში, საზოგადოება დგას სხვადასხვა გამოწვევების წინაშე. მაშინ, როდესაც ბევრი ფიქრობს რომ ჭიქა ნახევრად სავსეა საერთაშორისო სამართლის, ინსტიტუციების, დემოკრატიისა და კანონიერების, ანგარიშვალდებულების, თავისუფალი ვაჭრობის, გენდერული თანასწორობის და სხვადასხვა საკითხებში არსებული მიღწევებით, ჭიქის ცარიელმა ნახევარმა შეიძინა მნიშვნელოვანი დატვირთვა. სიმპტომები ჩვენთვის ყველასათვის კარგადაა ცნობილი და არ საჭიროებს შეხსენებას. სავაჭრო ომები, საერთაშორისო ექსპლუატაციის ახალი ფორმები, გეოპოლიტიკური კონკურენცია, დიდი ძალას მქონე მარიონეტული ომები, დაშლილი ეროვნული სახელმწიფოები, ტერორიზმი, ქსენოფობია, ისლამის მიმართ მტრული დამოკიდებულება,   მძვინვარე უთანასწორობა და უსამართლობა, ესაა, თანამედროვე ტენდი, რომელიც ჭიქას ნახევრად ცარიელს ტოვებს. კაცობრიობის გამოწვევები აფერმკრთალებენ იმავე კაცობრიობის  მიღწევებსა და ადამიანურ შესაძლებლობებს. რომელი მხარე გადასწონის? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუპასუხებთ არსებულ გამოწვევებს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეგვიძლია, ჩვენ, ადამიანებს, ერთად ვიმუშაოთ დადებითი შედეგების მისაღებად. ერთი რამ კი ნათელია: თუ არ ავიღებთ ინიციატივას, არ ვიქნებით შემოქმედები და ჰუმანურები, ბოროტება აუცილებლად იმძლავრებს. დამოკიებულება „მოვიცადოთ და ვნახოთ“,  აღარ არის მისაღები. პოლიტიკაში არსებობს სხვადასხვა არჩევანი: მედიაციიდან -  ტერორიზმის წინააღმდეგ ძალის ფაქტობრივი გამოყენებამდე.       

    ავიღოთ, სიტუაცია სირიაში. თურქეთის მონაწილეობითა და ჰუმანიტურული მიდგომით გასუფთავდა 4000 კილომეტრ კვადრატის ტერიტორია ორი ტერიროსტული ორგანიზაციისაგან, DEASH-ისა და PKK/PYD/YPG-ისგან. რომ არ ჩავრეულიყავით, ჩვენი ხალხი ამ ტერორისტების მუდმივი თავდასხმის მსხვერპლი იქნებოდა და სირიის ტრაგედიის პოლიტიკური გადაწყვეტა მიუღწეველი დარჩებოდა. თურქეთი მაქსიმალურს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჰუმანიტარული ტრაგედია, მასპინძლობს უამრავ ლტოლვილს, თურქეთის ჰუმანიტარული ხარჯი მსოფლიოში ყველაზე მსხვილია.

    თურქეთი აგრეთვე შუამავლობს შეთანხმებეს, რომლის წყალობითაც გადარჩენილია ათი, თუ არა ასი ათასობით სიცოცხლე, და მხარს უჭერს პოლიტიკურ გადაწყვებილებას, რომელიც ეფუძნება მეზობელი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას.

    სირიის მაგალითი შემდეგი მიზეზით მოვიყვანე. სირია კიდევ ერთხელ გვაჩნევებს, რომ პრევენცია მნიშვნელოვანია იმის დასანახად, რომ როდესაც კონფლიქტის ცეცხლი შეუტევს რომელიმე ერს,  ერთადეთი პროგნოზი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ქვეყანას ექნება არაპროგნოზირებადი შედეგები.     

    მოქალაქეთა ერთი თაობა დაიკარგება ამა თუ იმ გზით; მომავალიც აგრეთვე იქნება ჩამქრალი. ყველა, თუნდაც ათასობით კილომეტრით მოშორებით, დაზარალდება ან ტერორისტული საფრთხის ფორმით, ეკონომიკური შოკით, ქაოსური მიგრაციით,  ანდა დაჭრილი ადამიანური სინდისით.

    თუკი პრევენცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა მნიშვნელოვანია, მაშინ მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ეს მიდგომა ამოქმედებს თურქეთის ძალისხმევას შუამავლობის სფეროში, არის რა  UN, OSCE  და  OIC   შუამავლობის ჯგუფების მეგობრობის თანათავმჯდომარე და ორი კონფერენციის მასპინძელი, რომელიც ამ კვირაში გაიმართება სტამბოლში.

  • ხელისუფლების კამპანია - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

    საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამ წერილის ავრცელებს იმ გაუგონარი პოლიტიკის გამო, რომელსაც ასე ღიად და დაუფარავად, თითქმის  საკუთარი მოქალაქეების ჯიბრზე ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ნაცმოძრაობის რამდენიმე ნაწილად დაქსაქსულ, მისგანვე ხელდასმულ ოპოზიციასთან უნისონში. დიახ, ასეთი სახე აქვს მთავრობის ნარკოკამპანიას, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. კამპანია - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - ასე დავარქმევდი. 

    მე  არ მაინტერესებს ხელისუფლების შტოები და შიდადინებები, მე მაინტერესებს, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ერთი სახე, ერთი პოლიტიკა და ერთი პირი. შიდა დაპირისპირებებით მანიპულირება და ბუტიაობის თამაში, განთავისუფლებულ, მაგრა არა კანონის ძალით გასამართლებულ ყოფილ მთავრობის წევრებთან, ვერ ჩამორეცხავს იმ შეცდომებს და დანაშაულობებს, რასაც მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ.

    ჩვენ, ხალხმა, მათ შორის მათ,  ვის კისერზეც გადავიდა მოძალადე ნაციონალური ხელისუფლების გაშვება, ვერ მიიღო ვერაფერი ამ პროცესიდან. ვიღაცეებმა,  კი ბატონო, მიიღეს გავლენები, ჩაენაცვლნენ თუ კოჰაბიტირდნენ ნაციონალურ მოძრაობის სხვადასხვა ჯგუფებთან  და იმავე მეთოდოლოგიითა და რიტორიკით, უცვლელად ამართლებენ ყოვლად მიუღებელ უპატიებელ  პოლიტიკურ შეცდომებს თუ აშკარა დანაშაულობებს.

    ჩვენ   ბევრი რამ ვაპატიეთ ხელისუფლებას - ბოლომდე ვერ მივყევით ვერც ქართული მიწის,

    - მართლმადიდებლობის და ჩვენი დედა ეკლესიის საკითხებს.

    ხალხის ღირსეული საქციელისა და მოთმინების  ხარჯზე  ასე თვალსა და ხელს შუა შეგვიბღალეს  ღირებულებები და  შეურაცხყოფას აყენებენ  ყველაფერს, რაც წმინდაა ქართველი კაცისთვის.

    იმდენი პრობლემა დაგვახვიეს თავს,  რომ  ყოველდღიური რუტინით დაღლილი ადამიანების ყურადღება გაიფანტა და დაიქსაქსა.

    ფაქტიურად გვართმევენ ქვეყანას და თან ურცხვად გვიმტკიცებენ, რომ ამას ჩვენთვის  სჩადიან და რომ ეს სწორია.

    ჩვენ არ გვაქვს მეტი დრო. მეტს ეს ქვეყანა და ყოველდღიური პრობლემებით დაღლილი ხალხი, ვეღარ გაუძლებს.  დღეს და მხოლოდ დღეს უნდა დავდგეთ  ერთად და საბოლოოდ დავიბრუნოთ ყველაფერი. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, ან ვიბრუნებთ ყველაფერს, რაც ღირებულ;ია და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის განვიტარებისთვის, ან ვკარგავთ და ხელს ვუწყობთ ხელისუფლებაში მოკლათებულ ავანტიურისტებს ქვეყნის და ჩვენი მომავლის დაღუპვის საშუალებას.

    მე მოვუწოდებ ყველა მოძრაობას, ყველა პარტიას, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, პირველ რიგში ჩვენ ერის და ქვეყნის სულიერ მამას უნდა მოვუსმონოთ.

    ჩემის მხრივ ვპირდები ყველას, ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მოხმარება არ იქნება დაჭერის საფუძველი, მაგრამ დაწესდება ჯარიმები და ნარკოტიკებს და მოსაწევს ვეტყვით უარს

     

    ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ - ნარკოტიკებზე !

    გავიმარჯვოთ - უზნეობაზე ;  გაუნათლებლობაზე !

    გავიმარჯვოთ - ჩვენი ქართული მიწისთვის !

    დავიმარჯვოთ - ჩვენი დამსახურებული მოხუცების პატივსაცემად !

    გავიმარჯვოთ -  ჩვენი ჯანსაღი მომავალი თაობებისთვის !

    ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის !

     

    პატივისცემით : თეიმურაზ შაშიაშვილი

    პოლიტიკა
  • მედიაკონფერენცია - MEDIA CONVENTION Berlin და Re:publica 2018

    2-დან 4 მაისის ჩათვლით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროექტის OPEN Media Hub-ის ფარგლებში ჩატარდა მედიაკონფერენცია Re:publica 2018. კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებს (საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და მაროკოდან) Thomson Media-ს ბერლინის ოფისმა უმასპინძლა. ბერლინის მედიაკონფერენცია (MEDIA CONVENTION Berlin) სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მონაწილეობით უკვე მეხუთედ გაიმართა და მან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესის სახელი დაიმკვიდრა. 2018 წლის მედიაკონფერენცია ციფრული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ფესტივალს Re:publica 2018 დაუკავშირეს და იგი ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 9 ათასმა ადამიანმა მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. გამომსვლელებს შორის იყვნენ 65 ქვეყნის წარმომადგენლები, მათგან 47% ქალები, და 800-ზე მეტი ჟურნალისტი.

    ამ რამოდენიმე დღემ, რომელიც  ბერლინში გავატარე ჩემს კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა მომცა შემეძინა ახალი გამოცდილება და უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან დამენახა დიდ პოლიტიკაში და მედიაში მიმდინარე პროცესები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მქონდა პირადად შევხვედროდი და მესაუბრა ძალიან ბევრ საინტერესო და თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალთან. რაღა თქმა უნდა მე მხედველობაში მაქვს შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ასევე პროექტში მონაწილე ექსპერტებთან და იმ ხალხთან, რომლებიც ერთმანეთს  საინტერესო და თანამედროვე პროექტმა OPEN Media Hub-მა დააკავშირა. 

    ღონისძიების პირველ დღეს Thomson Media-ს ბერლინის ოფისში ჟურნალისტებისთვის გაიმართა ბრიფინგი, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი გაე დეგენი და უფროსი ექსპერტი მედიისა და გამოცდილების გაზიარების დარგში პეტკო გეორგიევი უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს გააცნეს მედიასფეროში მიმდინარე სიახლეები და ისაუბრეს გერმანული წამყვანი მედიაშაუალებების მუშაობის სტილზე და სარეკლამო ბაზრის თავისებურებებზე.

    გარდა ამისა OPEN Media Hub-ის გუნდმა ჟურნალისტებს გააცნო მედიაპროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობები: გრანტების მეორე კონკურსი  #Being20 (http://bit.ly/2HbVYPp და მომავალი კონკურსი სომხეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების თაობაზე. მომდევნო დღეები ჟურნალისტებმა ფესტივალ Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში გაატარეს, სადაც პარალელურად იმართებოდა საჯარო ლექციები მასმედიის სფეროში არსებულ სიახლეებსა და მიღწევებზე.    

    Re:publica არის შეხვედრის ადგილი მოყვარულთათვის და პროფესიონალებისათვის გლობალური ვებ-საზოგადოების, მეცნიერების, პოლიტიკისა და კულტურისა და გამოცდილების გაზიარება ციფრულ სფეროში. Re:publica 2018 ასევე არის ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა ევროპაში.

    Re:publica 2018-ის ლოზუნგი გახლდათ "POWEROFPEOPLE", რომლის ძირითადი ასპექტები იყო პრესის თავისუფრლება და ადამიანის უფლებათა დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ძალადობას, სიძულვილს და უსამართლობას თანამედროვე საზოგადოებაში. კონფერენციის მონაწილეებმა გააშუქეს ევროპული ციფრული საზოგადოების თემები სხვადასხვა თვალსაზრისით, ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით.

    Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში საერთაშორისო და გერმანულმა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა (ARD, ZDF) წარმოადგინეს ციფრულ სფეროში დანერგილი სიახლეები და თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი მიღწევები აშკარად მიუთითებდა იმ ტენდეციებზე, რომლებიც ფართოდ არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, მედიასა თუ ინტერნეტ-სივრცეში.

    შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების მიღწევები თვალსაჩინო და სამაგალითოა. პრესის თავისუფლება სათანადო დონეზეა დაცული და მას საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე ნათლად სჩანს ის განსხვავება, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და აზერბაიჯანი) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა მათი გამოცდილების გაზიარება და მათ მიერ განვლილი გზის სწორად აღქმა, შეგვაძლებინებს,  ჩვენს ქვეყნებში განვითარების იმ დონეს მივაღწიოთ, როგორიც ამჟამად არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

    ავთანდილ ოთინაშვილი

    თბილისი-ბერლინი-თბილისი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური