ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 17:02

პარლამენტის წევრი იოსებ ჯაჭვლიანი რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის, ასევე რელიგიური შენობების და სიწმინდეების წაბილწვისთვის ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების ინიციატივით გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირებები. მისივე განცხადებით, მსგავსი სახის დანაშაულები ევროპის წამყვან ქვეყნებში მკაცრად ისჯება და აღნიშნულ ქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს. იოსებ ჯაჭვლიანმა კომიტეტის წევრებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც გააცნო და იქ არსებული კანონმდებლობის მაგალითები წარუდგინა.

პარლამენტის წევრის მიერ მომზადებული პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 166 პრიმა მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც: 

  • რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოყენება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება კი 600 ლარით დასჯას ითვალისწინებს.
  • რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - გამოიწვევს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმება, განმეორებითი ქმედება კი 1000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.

საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე ღია დისკუსია წარიმართა. კომიტეტის წევრთა გარკვეული ნაწილი ჯარიმების გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა პროექტის ავტორმა მათი მოსაზრებები არ გაიზიარა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, საკითხი მეტად მნიშვნელოვანი, ფაქიზი და საყურადღებოა, შესაბამისად აუცილებელია დაცული იქნეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიურ გრძნობებს შორის, აქვე ასევე გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოების პრაქტიკა და გამოტანილი გადაწყვეტილებები. თემის ირგვლივ გახსნილი დისკუსია კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა და საკითხის ინიციატორს შემდეგი ფორმულირება შესთავაზა: 

  • პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა;
  • რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა;

რაც შეეხება ადმინისტრაციული დაჯარიმების ოდენობებს, კომიტეტის გადაწყვეტილებით სანქციები უცვლელად დარჩა. აღნიშნულ ფორმულირებას დაეთანხმა და სრულად გაიზიარა საკითხის ინიციატორმა.

კომიტეტის წევრები „საქართველოს პროფესორ ფსიქოლოგთა ასოციაციის“ საკანონმდებლო წინადადებასაც გაეცნენ, რომელიც „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მომზადებას შეეხებოდა. საკანონმდებლო წინადადება არასაპატიმრო სასჯელზე - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - დაწესებული შეზღუდვების მოხსნასა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვის, ორსული ქალის და შვიდ წლამდე შვილის მყოფ ქალისთვის, ასევე შეზღუდვის მოხსნა საპენსიო ასაკის პირებზე გავრცელდება. კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და დადებითი დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნა. სხდომის დასასრულს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზეც იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

წაკითხულია 944 ჯერ

Related items

  • ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა

    ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო სააგენტო იტყობინება.

    ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შესრულებს.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

    • 4 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 6 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
    • 11 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 18 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 20 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
    • 25 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 27 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

    ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

    • 5 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
    • 12 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

    თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

    • 2 ივლისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

    ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა.

    დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.

    წყარო: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6509

     

  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

    2020 წლის 28 მაისს, ქართული მხარის ინიციატივით,  გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.
     
    ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ.
    განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება  ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.  
     
    ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. 
     
    განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები  და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
     
    განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.                                                   
     
    ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 
     
    მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
     
    დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი  შეჩერება.
    ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა.
     
    სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან.

    აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.
     
    გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. 

    საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. სხდომის დასაწყისში სიტყვით მიმართვების ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე, იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ნატოს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 

    28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 

    ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი

    ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიმართვა

    მიშელ ბაჩელეტი

    10 დეკემბერს აღინიშნება 70 წელი გამორჩეული დოკუმენტის,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. ჩემი ღრმა რწმენით, დეკლარაცია დღესაც ისევე არსებითია  როგორც 70 წლის წინ - მისი მიღების დროს.

    შესაძლოა უფრო მეტადაც კი, რადგან  ბოლო ათწლეულების განმავლობაში    იგი იდეალისტური ტრაქტატიდან  გარდაიქმნა  სტანდარტების ნაკრებად, რომელმაც შეაღწია საერთაშორისო სამართლის ყველა სფეროში.

    წლების განმავლობაში დეკლარაციამ გაუძლო ყველა გამოცდას, მათ შორის სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას და იმ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებსაც, რომელთა წინასწარ განჭრეტაც დოკუმენტის სულისჩამდგმელებისთვის შეუძლებელი იყო.

    მისი სამართლებრივი ნორმები იმდენად არსებითია, რომ შეუძლია, ნებისმიერ ახალ გამოწვევას გაუმკლავდეს.

    საყოველთაო დეკლარაცია გვთავაზობს იმ პრინციპებს,  რომლებიც სახელმძღვანელოდ გამოგვადგება ხელოვნური ინტელექტისა და ციფრულ სამყაროში.

    დოკუმენტით განსაზღვრულია საპასუხო მოქმედებათა ჩარჩო, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დავუპირისპირდეთ ადამიანებზე, ან თუნდაც პლანეტაზე, კლიმატური ცვლილებების ნეგატიურ ზეგავლენას.  

    ჩვენ ვეყრდნობით დეკლარაციას, რათა უზრუნველვყოთ თანაბარი უფლებები ისეთი ჯუფებისთვის, როგორებიცაა მაგალითად,  ლგბტ პირები, რომელთა ხსენებასაც  1948 წელს ცოტა თუ გაბედავდა.

    საყოველთაო დეკლარაციით განმტკიცებული თავისუფლებები  მინიჭებული აქვს ყოველ ადამიანს „განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობისა, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.“

    წინადადების ბოლო სიტყვები - „სხვა მდგომარეობა“, ხშირად გამოიყენება  განსაკუთრებით დაცული ადამიანების სიის გასავრცობად. ეს ეხება არამხოლოდ ლგბტ   პირებს , არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, რომელთაც დღეს უკვე საკუთარი, 2006 წელს მიღებული, კონვენცია აქვთ. დეკლარაცია მიემართება ხანდაზმულებს, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, ასევე კონვენცია იქნას მიღებული, აბორიგენ ერებს, ყველა ტიპის უმცირესობას, თითოეულ ადამიანს.

    გენდერი არის ცნება,  რომელსაც დეკლარაციის თითოეული მუხლი ფარავს.  სექსისტური ტერმინოლოგია დოკუმენტში იმ ეპოქისთვის შთამბეჭდავად ცოტაა. დოკუმენტი მოიხსენიებს „ყველა ადამიანს“, „ყველას“ ან „არავის“ თავის 30-ვე მუხლში.

    ტერმინოლოგიის ამგვარი ნიშანდობლივი გამოყენება  ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ პირველად საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბების ისტორიაში, ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საყოველთაო დეკლარაციის შექმნაში.

    კარგად არის ცნობილი ელეონორა რუზველტის, კომიტეტის ხელმძღვანელის,  როლი. შედარებით ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ დოკუმენტის მომზადებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით ქალებს დანიიდან, პაკისტანიდან, კომუნისტური ბლოკიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

    სინამდვილეში,  უპირველეს ყოვლისა ინდოელ ჰანსა მეჰტას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციიდან აღებული ფრანგული ფრაზა „ყველა კაცი დაბადებით თავისუფალი და თანასწორია“, საყოველთაო დეკლარაციაში აისახა შემდეგნაირად, - „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი“.თითქოსდა ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ქალთა უფლებებისა და უმცირესობათა უფლებების თვალსაზრისით რევოლუციური ფრაზა. ჰანსა მეჰტამ არ გაიზიარა ელეონორა რუზველტის მტკიცება, რომლის მიხედვითაც და იმ დროისთვის საყოველთაოდ მიღებული შეხედულების შესაბამისად, ცნება „კაცი“ თავის თავში ქალის ცნებასაც მოიაზრებდა. ის ირწმუნებოდა, რომ ქვეყნებს შეეძლო  აღნიშნული ფრაზა  ქალთა უფლებების გაფართოების ნაცვლად, მათი შეზღუდვისთვის გამოეყენებინა.

    ორი გამანადგურებელი მსოფლიო ომის, 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიისა“ და ჰოლოკოსტის შემდეგ შობილი საყოველთაო დეკლარაცია მომართულია, აღკვეთოს მსგავსი კატასტროფები, მათი გამომწვევი ტირანიები და ძალადობა. ის  გვისახავს გზებს ერთმანეთისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად  და მიზნად ისახავს „შიშისა და გაჭირვებისაგან გათავისუფლებას“; ის შეზღუდვებს უწესებს ძლევამოსილებს და აღვივებს იმედს უძლურთა შორის.

    მიღებიდან შვიდი ათწლეულის განმავლობაში 90-მდე სახელმწიფოს ეროვნულ კონსტიტუციაში, არაერთ ეროვნულ, რეგიონალურსა თუ საერთაშორისო აქტსა და დაწესებულებაში ინტეგრირების მეშვეობით საყოველთაო დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში სასარგებლო ცვლილებებს.

    თუმცა, მიღებიდან 70 წლის შემდეგაც, სამუშაო, რომელიც საყოველთაო დეკლარაციამ  განგვისაზღვრა, არ ამოწურულა და არც არასდროს ამოიწურება.

    თავის ზედმიწევნით ნათელ 30-ვე მუხლში, საყოველთაო დეკლარაცია  მიგვითითებს თუ რა ზომები უნდა მივიღოთ როგორც უკიდურესი სიღარიბის დასამარცხებლად, ისე თითოეული ადამიანისთვის საკვების, თავშესაფრის, ჯანდაცვის, განათლების, სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

    იგი ნათელს ფენს გზას ომებისა და ჰოლოკოსტისების, წამების, შიმშილისა თუ უსამართლობისაგან თავისუფალი მსოფლიოსაკენ, რომელშიც სიღარიბე მინიმუმამდეა დაყვანილი და არავინაა იმდენად მდიდარი თუ ძლევამოსილი, რომ სამართალი უგულებელყოს.

    მსოფლიო, რომელშიც  თითოეულ ადამიანს თანაბარი ღირებულება აქვს, არა მხოლოდ  დაბადებისას, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

    დეკლარაციის ავტორებს  სურდათ, თავიდან აეცილებინათ შესაძლო ომი მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისა და  იმ უფლებების განსაზღვრების მეშვეობით, რომელთა ფლობის მოლოდინიცა და მოთხოვნაც პლანეტის ყველა ადამიანს შეუძლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არსებობს  და პირდაპირ ეთქვათ, რა არ შეიძლება, გაუკეთონ ადამიანებს.  

    ღარიბები, მშიერნი, იძულებით გადაადგილებული და გარიყული პირები -  ავტორებს სურდათ, შეექმნათ მათი მხარდამჭერი და დამცველი სისტემა.

    საკვებზე ხელმისაწვდომობისა და განვითარების უფლება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამ უფლების განხორციელება უნდა მოხდეს რასის, გენდერის ან რაიმე სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. ვერ ეტყვით თქვენს ხალხს - მე გამოგკვებავთ, მაგრამ შეგიზღუდავთ გამოხატვის უფლებას ან არ დაგრთავთ ნებას, იყოთ თქვენი რელიგიისა თუ კულტურის მიმდევარი.

    უძრავ ქონებასა თუ საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის უფლება სავსებით ძირითადია , თუმცა ზოგ ქვეყანაში ეკონომიკის კუთხით გატარებული მკაცრი ღონისძიებები შთანთქავს ამ საყოველთაო უფლებათა ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე გავრცელებას.

    კლიმატის ცვლილებები ძირს უთხრის სიცოცხლის, საკვების, თავშესაფრისა და ჯანდაცვის უფლებას. ყველა მათგანი ურთიერთდაკავშირებულია - საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციები კი გზამკვლევია აღნიშნულ უფლებათა განსახორციელებლად.

    დარწმუნებული ვარ, რომ  დეკლარაციით განსაზღვრული ადამიანის უფლებათა იდეალი, კაცობრიობის  ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთანავე ყველაზე წარმატებული წინსვლაა. 

    მაგრამ დღესდღეობით პროგრესს საფრთხე ემუქრება.

    ჩვენ „დავიბადეთ  თავისუფალი და თანასწორი“, მაგრამ მილიონობით ადამიანი ამ პლანეტაზე ვერ ახერხებს მიაღწიოს თავისუფლებას და თანასწორობას. ყოველდღიურად მათი უფლებები ირღვევა და ღირსება ითელება.

    ბევრ ქვეყანაში, ფუნდამენტური აღიარება იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და თანდაყოლილი უფლებები აქვს, წნეხის ქვეშაა.  საფუძველი ერყევა სახელმწიფოების მიერ გულმოდგინედ შექმნილ იმ ინსტიტუტებს, რომელთა მიზანი საერთო პრობლემების საერთო გადაწყვეტის მიღწევაა.

    ყოვლისმომცველი საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული კანონმდებლობებისა და შეთანხმებების კრებული კი, რომელმაც საყოველთაო დეკლარაციას რეალური ძალა შესძინა, ასევე დარტყმის ქვეშაა ვიწრო, ნაციონალისტურ ინტერესებზე   ორიენტირებული მთავრობების თუ პოლიტიკოსების მხრიდან.

    თითოეულმა ჩვენგანმა გაცილებით ენერგიულად უნდა ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისთვის, რომლებიც დეკლარაციამ გვაჩვენა, რომ გაგვაჩნია.უნდა ვიბრძოლოთ არამხოლოდ საკუთარი, არამედ ყველა ადამიანის უფლებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა მუდმივად შეიცავს რისკს, რომ სხვისი უფლების დაცვა შეეწირება საკუთარ თვალსაწიერს, ან ლიდერების გულმავიწყობას, უგულებელყოფასა თუ უკიდურეს გულგრილობას. 

    დავასრულებ იმით, რითაც იწყება საყოველთაო დეკლარაცია, მძლავრი დაპირებითა და ამავე დროს გაფრთხილებით, პრეამბულის პირველივე სტრიქონებში:

    „...ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისთვის თანდაყოლილი ღირსებისა და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება მსოფლიოში წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს.

    „...ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია, როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება.

    „...აუცილებელია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა გარანტირებულ იქნეს კანონის უზენაესობის პრინციპით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.“

    და კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ იმავე პრეამბულის ბოლო სიტყვებსაც:

    „...ყველა ადამიანს და საზოგადოების ყოველ ნაწილს, მუდამ ექნება რა მხედველობაში წინამდებარე დეკლარაცია, მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა

    და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ეროვნული თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის

    წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში.“

    1948 წლიდან დიდი გზა გავიარეთ. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გვქონდა ბევრი წინსვლა  საყოველთაო დეკლარაციით დადგენილ ნორმებთან მიმართებით.

    მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და როგორც ჩანს, ბევრ ლიდერს დაავიწყდა ეს მძლავრი და წინასწარმეტყველური სიტყვები. ეს უნდა გამოვასწოროთ, არა მხოლოდ დღეს, არამხოლოდ 70-ე წლისთავზე შემდეგ ორშაბათს, არამედ ყოველდღიურად და ყოველწლიურად.

    მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა დამცველები თავიანთი საქმიანობით, თავდადებითა და თავგანწირვით წინა ხაზის მებრძოლები არიან საყოველთაო დეკლარაციის დაცვის საქმეში,. მნიშვნელობა არ აქვს, სად ან რა პირობებში ვცხოვრობთ, უმეტეს ჩვენგანს შეგვწევს ძალა, მოვახდინოთ ცვლილებები - ჩვენი ან სხვათა ოჯახების, თემების, ქვეყნების და მსოფლიოს უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შესაცვლელად. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი საყოველთაო დეკლარაციით გამოხატული ლამაზი ოცნების სინამდვილედ ქცევაში.

    ეს არის წინაპრების საჩუქარი ჩვენთვის, რათა დახმარება გაგვიწიონ, რომ არასდროს გადავიტანოთ ის, რაც მათ უკვე გამოიარეს.

     

    ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR)  გაეროს გენერალურმა ასამბელამ მიიღო პარიზში, მეორე მსოფლიო ომიდან სამი წლის შემდეგ. ის შეიქმნა იმ სამუშაო კომიტეტის 18 თვიანი მუშაობის შედეგად, რომლის შემადგენლობაშიც  შედიოდნენ წევრები და მრჩეველები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რენე კასინი იტყოდა: „ასეულობით ცხარე და ხშირად ემოციური დისკუსიის დასასრულს 30 მუხლად ჩამოყალიბდა და მიღებულ იქნა 1948 წლის 10 დეკემბერს.“

    იხილეთ 30 მოკლე სტატია საყოველთაო დეკლარაციის 30 მუხლთაგან თითოეულზე:

    https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=23871&LangID=E

    მეტი ინფორმაცია 70-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და კამპანიებზე:

    http://www.standup4humanrights.org/

    ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

    http://www.un.org/en/universal-declaration-human-rights/

    გაეროს უმაღლესი კომისრის ვიდეო მიმართვა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ  ლინკიდან:

    https://owncloud.unog.ch/index.php/s/XDwRPH0sWMnaKCh/download

  • უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა პარლამენტში მოდელირებული საკომიტეტო მოსმენა გამართეს

    ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოდელირებული სხდომა გაიმართა.

    ახალგაზრდებს ფრაქციის თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე მიესალმა, რომელმაც კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას და ზოგადად, აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრა საერთაშორისო პროექტის „მსოფლიოს სტუდენტური დებატური მოძრაობის“ ანალოგიურ ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც თავის მხრივ, დებატების გამართვის რეგიონულ, ევროპულ და მსოფლიო ჩემპიონატებს ატარებენ.

    დღეავანდელი შეხვედრით გვინდა, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას, არამედ გვსურს კიდევ ორი ამოცანა დავისახოთ მიზნად. ერთი ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყოთ გუნდის შექმნაზე მუშაობა და მეორე, გვინდა, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა გემო გაუგოთ პოლიტიკურ საქმიანობას და იგრძნოთ, რომ რამდენიმე წელში თქვენ შეგეძლებათ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი თქვენ გიკავშირდებათ“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

    პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს რეგინული ჩემპიონატის გამართვის ინიციატივითაც მიმართა, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ, თურქ და რუს ახალგაზრდებსაც მიეცემათ.

    მოდელირებული კომიტეტის სხდომა კონკრეტული საკითხების განხილვით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათ მიერ მომზადებულ მედიაციის, გარემოს დაცვის საკითხებზე და სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მოხსენებები წარმოადგინეს და პოლიტიკური დებატები გამართეს.

    სტუდენტურ ღონისძიებას სტუდენტური პარლამენტის, მთავარი პროკურატურის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური