საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები ვიზიტი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 14:24

შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოდერნიზების მიზნით, დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმებებს ხელი მოეწერა.

ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების -„კასუმლოსა“ და „ქედის“ მშენებლობა დაიწყება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი დაკვირვების, თვალთვალისა და მონიტორინგის ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება.

შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა სასაზღვრო სექტორების კოშკურებით, ღამის ხედვისა და სითბური კამერებით აღჭურვა, სპეცავტოტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა. 2017 წლის მარტამდე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი მთლიანად აღიჭურვება დაკვირვების სისტემებითა და ტექნიკური საშუალებებით.

თებერვლიდან ასევე იგეგმება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაწყება, სადაც შესაძლებელი იქნება ინსტრუქტორების გადამზადება და სამომსახურეო ძაღლების გაწვრთვნა. ახალი კინოლოგიური ცენტრი თანამედროვე სტანდარტების ვოლიერებით, სანაშენე ბოქსებითა და საოპერაციოებით იქნება აღჭურვილი.

წაკითხულია 620 ჯერ

Related items

  • გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.
    კერძოდ:
    2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
    ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
    ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
    გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.
    ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
    ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
    საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით.
    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.
     
     
  • აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (USS Potrer) ბათუმშია

    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (Porter) (DDG 78) 23 ივნისს ბათუმის პორტში შემოვიდა. ეს არის გეგმიური ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების შავ ზღვაში მოქმედებისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის ფარგლებში.

    ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს საზღვაო ხომალდის მესამე ვიზიტია საქართველოში. COVID-19 პანდემიის გამო პორტში ყოფნის დროს საზღვაო ხომალდის პერსონალი არ დატოვებს ხომალდს.

    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „ პორტერი” არის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების არლი ბუკეს ტიპის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი, რომელსაც შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საომარი მოქმედებების და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარება.

    ამერიკის საზღავაო ძალები ხშირად ახორციელებს საზღვაო ხომალდების ოპერაციებს შავ ზღვაში, რაც შესაბამისობაშია მონტროს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან.
    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი”, რომლის მეთაურია კაპიტანი კრეგ ტრენტი, ესპანეთში საზღვაო ძალების სადგურის, „როტას” ნაწილია. ის ახორციელებს საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში და იცავს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებს ევროპაში.

    ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა იტალიაში, ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და სრული სპექტრის საზღვაო ოპერაციებს, ხშირად, მოკავშირეებთან და უწყებათა შორის პარტნიორობით იმისათვის, რომ დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები და ხელი შეუწყოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და აფრიკაში.

    თბილისში ამერიკის საელჩოს პრეს-რელიზი

    https://ge.usembassy.gov/ka/uss-porter-visits-batumi-june-23/

  • მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს

    4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-ცენტრში განუცხადეს.

    ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

    როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს.

    მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე თერმული დრონის საშუალებით. მუშაობას განაგრძობდა საველე შტაბი. ადგილზე მობილიზებული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი - 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადილზე, ასევე, მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.

    შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო და საძიებო სამუშაოები.

  • აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა

    აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

    ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც.

    კერძოდ, ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსული პროპაგანდის შეკავებისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონტექსტში.

    „კონგრესმა სანქციები უნდა დააწესოს რუსული პროპაგანდის მესვეურებზე და მათ წინააღმდეგ, ვინ ძირს უთხრის აშშ-ის პარტნიორებს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ასევე, დაავალოს სახელმწიფო დეპარტამენტს,  აწარმოოს ანგარიში კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ, ვინც რუსულ სამხედრო აგრესიას აფინანსებს.

    რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებზე. ისეთივე ახალი სანქციები უნდა დაწესდეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფმა ჩინეთთან დაკავშირებით წარმოადგინა რუსელი ტროლებისა და რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელთა მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

    დამატებით, არსებული სანქციები არასაკმარისად არის მიმართული პუტინის უცხოელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში.

    ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქია და მარიონეტი უკრაინაში, რომელიც მის მედია იმპერიას იყენებდა, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთის ძალისხმევას გაევრცელებინა ზიანის მომტანი დეზინფორმაცია ქვეყანაში.

    ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეადგინოს სია კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების, რომლებიც ეხმარებიან რუსულ სამხედრო აგრესიას მარიონეტებისა და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნება კონგრესისთვის, რათა განსაზღვროს მომავალი სანქციების საჭიროება და შეაკავებს ინდივიდებსა და იურიდიულ პირებს კრემლთან თანამშრომლობისგან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    აქვე ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მზაობა და თავდაცვითი შესაძლებლობები საქართველოს მხარდამჭერი აქტის ამოქმედებით.

    „საქართველო აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეა, რომელმაც გაგზავნა მისი შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში. რეალურად, როგორც „ჰერითაჯ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენელი ალექსის მრაჩეკი აღნიშნავს, 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხვი აშშ-ის შემდეგ მეორე იყო ერაყში და საქართველომ განიცადა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში, ვიდრე სხვა ქვეყანამ. საქართველო ნატო-ს არაწევრი უდიდესი კონტრიბუტორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. 2017 წელს აშშ-მ დაიწყო სამწლიანი ორმხრივი საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა.

    სამუშაო ჯგუფს სჯერა, რომ კონგრესი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მზაობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის დამტკიცებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად, სამხედრო დახმარების შეთავაზებითა და ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაუმჯობესებით. საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ არა სენატმა, ავალდებულებს ანგარიშის მომზადებას იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის, იმუშაოს საქართველოსთან რუსული დეზინფორმაციის დასამარცხებლად და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასევე მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დააწესოს სანქციები უცხო პერსონების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილე არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავებისთვის ნატო-სა და აშშ-ის მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

    „პრეზიდენტი ტრამპი მუშაობდა ნატო-ს გასაძლიერებლად ჩვენი მოკავშირეების მოწოდებით, რომ შეასრულონ მათი ვალდებულებები მშპ-ის ორი პროცენტის თავდაცვითი ხარჯების გაწევით. რუსული აგრესიის დამარცხებისას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია. ნატო-ს ალიანსი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, აშშ-სა და ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია მისი შექმნიდან მოყოლებული. სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა რიგი ზომები ნატო-ს მხარდასაჭერად, ჩვენი მოკავშირეების გასაძლიერებლად და ისეთი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-s-respublikelta-kvlevitma-komitetma-erovnuli-usafrtkhoebis-strategia%e2%80%8b-gamoaqveyna-romelshic-saqartvelozec-aris-saubari/

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აშშ-ის ელჩისგან წერილი მიიღო

    თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტმა ელჩისგან, კელლი ს. დეგნანისგან წერილი მიიღო, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    პატივცემულო რექტორო:

    დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. მე დიდად მოხარული ვარ ამერიკის საელჩოსა და იბსუ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ასახავს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების სიღრმესა და სიძლიერეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ ორივე ქვეყანას დიდი სირთულეები მოუტანა, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას და გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას.

    ჩემი გუნდისგან ვიცი, რომ ამერიკის საელჩო და IBSU მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და ბევრი სხვა. ისეთი აკადემიური ღონისძიებები, როგორიცაა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში და საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებში, ნათლად აჩვენებენ იმ ზეგავლენას, რაც იბსუს გააჩნია საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

    მე გამოვთქვამ სურვილსა და მზაობას გეწვიოთ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არსებულ და სამომავლო პოტენციურ სფეროებში საქართველოში საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

    პატივისცემით,
    კელი ს. დეგნანი
    ელჩი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური