საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 13:41

 საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება, ასეთ შეფასებას აკეთებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი".ამ თემასთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ორგანიზაციის კვლევების პრეზიდენტ არჩ პადინგტონს ესაუბრა. 

როგორც არჩ პადინგტონმა განაცხადა, საქართველო, როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა მთავრობის პირობებში მეტწილად დადებითად ვითარდებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ორგანიზაციის ყურადღება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების და "რუსთავი 2"-ის საქმემ მიიქცია.

"რუსთავი 2"-ის საქმე ძალიან შემაშფოთებელია. რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში პრესის თავისუფლება სადაო დემოკრატიული ინსტიტუტია. როცა ხელისუფლებაში ახალი ლიდერები მოდიან, პირველი რის გაკეთებასაც ცდილობენ ინფორმაციის წყაროებზე კონტროლის მოპოვებაა, ამ ქვეყნების უმეტესობაში ეს ტელევიზიაა.

ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ფაქტით, რომ იყო შესაძლებლობა ტელევიზია სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობისადმი კრიტიკული მფლობელებიდან მთავრობასთან დაახლოებული პირისთვის გადაეცათ. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ საქმეს", - აღნიშნა არჩ პადინგტონმა. 

როგორც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია აღნიშნავს, ორგანიზაციის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რუსეთს, რომელიც ვლადიმირ პუტინის მეთაურობით აგრესიულად ებრძვის ლიბერალურ ღირებულებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის სამეზობლოში.

"პრესის, სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლო სისტემის პოლიტიკური კონტროლი 21-ე საუკუნის დიქტატორების მეთოდია. ვლადიმირ პუტინის, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ნომერ პირველი პრიორიტეტი მედიაზე კონტროლის მოპოვება იყო," - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით რუსეთი და ჩინეთი ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ცენზურას და პროპაგანდას აქტიურად იყენებენ. საქართველოში პროპაგანდის გავრცელებას რუსეთი, პადინგტონის თქმით, ახალბედა ორგანიზაციების და ეკლესიის მეშვეობით ცდილობს.

"საქართველოში რუსეთის პროპაგანდის მხრივ ორი რამ გვაღელვებს. ერთი, ეგრეთწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლებაა, რომლებიც ახლო წარსულში რუსეთის ინტერესების წინ წასაწევად დაარსდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ისინი გავლენიანები არიან, არ მინდა გადავაჭარბო და ვთქვა, რომ მათ ქართველების შეხედულებებზე გავლენა აქვთ. ცხადია, ეს რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკა შეასუსტოს და ქართველების მსოფლმხედველობა შეცვალოს, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანებას ევრაზიული კავშირი არჩიონ. ეს არის მიზანი და ეს ორგანიზაციები ამ მიზანს ემსახურებიან. თავისი გავლენის გასაზრდელად რუსეთმა გაამყარა კავშირები რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის", - აცხადებს პადინგტონი.

ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" გამოქვეყნებულ ანგარიშში 195 ქვეყანა და 15 ტერიტორიაა შეფასებული, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთი ნახევრად თავისუფალია, სამხრეთი ოსეთი კი არათავისუფალთა კატეგორიაშია.

წაკითხულია 438 ჯერ

Related items

  • საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის თავკაცობით, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ეროვნული ნაკრები 2:1 დაამარცხეს! ეს საქართველოს ისტორიაში პირველი გამარჯვებაა რუმინეთთან. აქამდე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საქართველოს რუმინეთთან 6 წაგება და 1 ფრე ჰქონდა.

    ამ გამარჯვებით ასევე შეწყდა ქართველების 8 მატჩიანი მოუგებელი სერია, რომელიც გუნდს 2020 წლის ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მოსდევდა.

    საფრანგეთში დაბადებულმა ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძემ ნაკრების მაისურით პირველი სრულყოფილი მატჩი ჩაატარა და ეს ფაქტი გოლით აღნიშნა. აქამდე ახალგაზრდა ფორვარდს ნაკრებში მხოლოდ 6 წუთი ჰქონდა ნათამაშები, დღეს კი 80+ წუთი ითამაშა და შესანიშნავი გოლის გატანაც შეძლო.

    აქედან მალევე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომლის გატანაც რუმინელებმა საბედნიეროდ ვერ მოახერხეს.

    გიორგი აბურჯანიას გოლმა კი საქართველოს ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობა მისცა, რომლის აღმოფხვრაც მეტოქემ ვეღარ შეძლო. 78-ე წუთზე რუმინელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს და მატჩი ქართველების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთის ნაკრებს სტუმრად ქალაქ პლოიეშტიში დაუპირისპირდა.

  • საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

    ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

    პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

    შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ  საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

     

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.
    სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - ნათქვამია განცხადებაში.
  • ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო

    ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.
     
    თბილისი. 17 დეკემბერი 2020 – ევროკავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა  ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი. პროგრამის მეოთხე ფაზის მიზანია, ქვეყანაში გააძლიეროს სურსათის ხარისხხი და სტანდარტები, ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ევროკავშირში ექსპორტის ზრდას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად გამოყოფილი უფრო ფართო დახმარების ნაწილია.
     
    „2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ. გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,“ კარლ ჰარცელმა.
     
    ENPARD-ის პროგრამას უკვე წლებია მოაქვს კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ პროგრამის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ევროპულ ბაზარზე ექსპორტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელება COVID-19-ის ფონზე და აღსანიშნავია, რომ მისი მეოთხე ფაზა ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო პანდემიასთად ბრძოლისთვის,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა.
     
    „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც ENPARD-ის სამივე ფაზა წარმატებით აქვს განხორციელებული. გვაქვს მოლოდინი, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზაც წარმატებით განხორციელდება. ეს არის საკმაოდ დიდი დახმარება, 55 მილიონი ევრო, საიდანაც 31 მილიონი ევრო იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ხოლო 24 მილიონი ევრო ტექნიკური და საგრანტო დახმარების სახით გაიცემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელსაც ყოველთვის დიდი ეფექტი აქვს ევროკავშირთან ერთად შემუშავებული პოლიტიკის სწორად განხორციელებისათვის,“ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა.
     
    პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. ENPARD IV დაეფუძნება ფართომასშტაბიან ინსტიტუციური განვითარების პროგრამისა (CIB) და ENPARD-ის წინა ფაზების ფარგლებში არსებულ შედეგებს. იგი გააგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. ახალი ფაზა დაეხმარება სურსათის ბიზნეს ოპერატორებსაც, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირების მიზნით.
     
    ასევე, ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას.

     ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

  • უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება

    უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

    16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

    ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. 

    ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

    ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.  ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

    სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

    აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.

    კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია.“ 

    სფფ-ს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური