დაბა ჩაქვში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 იანვარი 2016 17:17

სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. 15 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში რიგით ოცდამერვე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც მოსახელობას მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
 
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მიმდებარედ მცხოვრებნი და ჩაქვის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ. საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში, მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას, ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ "ლიბერთი ბანკისა" და "მაგთიკომის" მომსახურებით.  ჩაქვის მოსახლეობას ყველა ამ სერვისთვის დაბიდან გასვლა აღარ მოუწევს რაც მათ დროსა და ფინანასებს დაზოგავს. 
 
საზოგადოებრივი ცენტრი ჩაქვისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში, 20.000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების. მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიება.
 
ჩაქვის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა, საქართველოში 27 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბალისა და ლენტეხის  მოსახლეობას. 
 
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; აჭარის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

წაკითხულია 562 ჯერ

Related items

  • საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

    მემორანდუმის მიზანი „ლიბერთი ბანკსა“ და საზოგადოებრივ ცენტრებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა, რაც საზოგადოებრივი ცენტრების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ახალი და გაუმჯობესებული სერვისები.

    საზოგადოებრივი ცენტრების სივრცე − საკონფერენციო დარბაზები, ელექტრონული ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკა, იუსტიციის სახლისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტების ფარგლებში, გამოყენებული იქნება კულტურული და სოციალური ღონისძიებებისათვის როგორც პირისპირ შეხვედრების, ისე დისტანციურ ფორმატში. ცენტრების საკადრო რესურსის გამოყენებით მოსახლეობა დეტალურ ინფორმაციას მიიღებს არა მხოლოდ საჯარო სერვისების, არამედ საბანკო პროდუქტების შესახებაც.

    „ლიბერთი ბანკი“ რაიონების მცხოვრებთ, კონკრეტულად, მათი რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოდიფიცირებულ ახალ მომსახურებებს შესთავაზებს, რომელთა დანერგვაც ამა თუ იმ ქალაქის, დაბისა და სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ეს სერვისები, ისევე როგორც სხვა კერძო და საჯარო სექრტორის 250-ზე მეტი სერვისი, საზოგადოებრივ ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი.

    საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, არეგისტრირებს უძრავ ქონებას და სარგებლობს კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალებით. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო ხდება; საზოგადოებრივ ცენტრებში იზრდება „ლიბერთი ბანკის“ სერვისების მრავალფეროვნება და ფართოვდება სოციალური და კულტურული ღონისძიებების მასშტაბები, რომელთაც საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით შესთავაზებს.

    საზოგადოებრივი ცენტრები მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული ინოვაციური სერვისების დანერგვას.

  • საზოგადოებრივ ცენტრებში ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი

    იუსტიციის სახლის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით რეგიონებსა  და სოფლებში, ყველა საზოგადოებრივ ცენტრში  ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი. სივრცეებში განთავსებულია ლიბერთის ბანკომატები და სწრაფი გადახდის აპარატები  ( შორაპანის, დუშეთის და საწირის გარდა).

    დღეიდან, პენსიის მიმღებ პირებს შეეძლებათ გამოიტანონ საკუთარი პენსია ნებისმიერ დროს და ისარგებლონ გადახდის აპარატის მომსახურებით თავის საცხოვრებელ რეგიონებსა და სოფლებში

    იხილეთ მისამართები: 

    • ბოლნისის რაიონი, სოფელი კაზრეთი 
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი ღორეშა
    • დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი არხილოსკალო
    • გარდაბნის რაიონი, სოფელი სართიჭალა
    • გურჯაანის რაიონი, სოფელი შაშიანი
    • ხაშურის რაიონი, სოფელი გომი
    • ყვარელის რაიონი, სოფელი შილდა
    • ქარელის რაიონი, სოფელი რუისი
    • ხობის რაიონი, სოფელი ჭალადიდი
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხევი
    • თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კოდა
    • თეთრიწყაროს რაიონი, მანგლისი, რუსთაველის ქ. 28ა
    • ნინოწმინდის რაიონი, სოფელი ფოკა
    • ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოეთი
    • წალენჯიხის რაიონი, ჯვარი
    • საგარეჯოს რაიონი, სოფელი იორმუღანლო
    • ახმეტის რაიონი, სოფელი ყვარელწყალი
    • ქობულეთის რაიონი, სოფელი მუხაესტატე
    • გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი
    • წყალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთი
    • გორის რაიონი, სოფელი მეჯვრისხევი
    • საჩხერის რაიონი, სოფელი კორბოული
    • ზუგდიდის რაიონი, სოფელი ორსანტია
    • ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხიდისთავი
    • ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კაბალი
    • ლენტეხი, აღმაშენებლის ქ. 11
    • ქობულეთის რაიონი, დაბა ჩაქვი აბაშიძის ქ. 2
    • ჭიათურის რაიონი, სოფელი ხრეითი
    • გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი
    • სამტრედიის რაიონი, სოფელი დიდი ჯიხაიში
    • მარნეულის რაიონი, სოფელი სადახლო
    • ზუგდიდის რაიონი, სოფელი რუხი
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი კიცხი
    • გორის რაიონი, სოფელი ტყვიავი
    • ჭიათურის რაიონი, სოფელი უსახელო
    • ახალციხის რაოინი, სოფელი ვალე, ვაჟა ფშაველას ქ. 4
    • ქარელის რაიონი, სოფელი ბერძენაული
    • ცაგერის რაიონი, სოფელი ლაჯანა
    • ახალქალაქის რაიონი, სოფელი კუმურდო
    • წალკა, არისტოტელეს ქ. 12
    • სიღნაღის რაიონი, სოფელი ნუკრიანი
    • ჩოხატაურის რაიონი, სოფელი კოხნარი
    • ვანის რაიონი, სოფელი ზეინდარი
    • ბორჯომის რაიონი, ბაკურიანი
    • ზესტაფონის რაიონი, სოფელი მეორე სვირი
    • დუშეთის რაიონი, დაბა ფასანაური
    • წალენჯიხის რაიონი, სოფელი ჯგალი
    • ოზურგეთის რაიონი, სოფელი ქვემო ნატანები
    • ლანჩხუთი, თბილისის ქ. 5
    • ახალციხის რაოინი, სოფელი აწყური
    • თელავის რაიონი, სოფელი ნაფარეული
    • ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლესიჭინე
    • თერჯოლის რაიონი, სოფელი ზედა საზანო
    • საჩხერე, მერაბ კოსტავას ქუჩა
    • სიღნაღის რაიონი, წნორი, ევდოშვილის ქუჩა
    • დმანისი, მ. ხერგიანის ქუჩა
    • ადიგენი, თორნიკე ერისთავის ქ. 32
    • ყვარელის რაიონი, სოფელი ახალსოფელი
    • მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი
    • საგარეჯოს რაიონი, სოფელი უდაბნო
    • შუახევი, რუსთაველის ქ. მესამე შესახვევი
    • ქობულეთი, 9 აპრილის ქ. 28
    • ხულო, თამარ მეფის ქ. 5
    • ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. 2-ის მიმდებარედ
    • ქედა, აბუსერიძის ქ. 16-ის მიმდებარედ
    • ამბროლაური, ვაჟა ფშაველას ქ. 41-ის მიმდებარედ
    • თეთრიწყარო, დიდგორის ქ. 8
    • ცაგერი, რუსთაველის ქ. (სპორტული მოედანი)
    • მარნეულის რაიონი, სოფელი ყაჩაღანი
    • ამბროლაურის რაიონი, სოფელი ჭრებალო
  • მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

    საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი  მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
     საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
    ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.  დღეს მოქმედი რედაქცია არეგულირებს მხოლოდ ოჯახურ ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

    ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორცილებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრება საგამონაკლისო შემთხვევა − აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი იქნებიან, სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე. 

    ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა.
    სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.
    აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

    სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას. ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა გენიტალიების დამახინჯება ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

    იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

    მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ ქალთა უფლებები საქართველოში  ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა  სტამბულის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.
     
     

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან

    2017 წლის 11 იანვარს ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების ინსტრუმენტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრნენ იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, საერთო სასამართლოების, პროკურატურის, სახალხო დამცველის ოფისის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები.
    წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ქვეყანაში არსებული აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლისთვის და გვთავაზობს წინასწარი პატიმრობის შესაფასებლად საჭირო რჩევებსა და მეთოდოლოგიებს; გამოავლენს მის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას.
    „ევროპის საბჭო გამოხატავს სრულ მზადყოფნას რათა დაეხმაროს საქართველოს წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემების ხასიათისა და სიღრმის განისაზღვრაში. სწორედ ამ მიზნით მომზადდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების
    ინსტრუმენტი. ეს არის პირველი მცდელობა, რომ მოხდეს სისტემური მიდგომა არსებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის, რათა შეიქმნას ობიექტური და ყოვლისმომცველი სურათი წინასწარი პატიმრობის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში“, განაცხადა კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.
    პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია წინასწარი პატიმრობის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენების ევროპული კონცეფციის შესახებ. ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები პატიმრობასა და წინასწარ პატიმრობასთან მიმართებაში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) პრეცედენტული სამართლის შესახებ.
    პრეზენტაცია ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში.

  • თეა წულუკიანი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობს

    იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობს. ჯგუფი ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პროგრამა „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების გაძლიერების“ ხელშეწყობით შეიქმნა და მისი მიზანი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარმატებით განხორციელების მხარდაჭერაა. ის სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება.
     
    იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. შეხვედრა იმ ვითარების ამსახველი პრეზენტაციით გაგრძელდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში იქმნება წინასასამართლო, სასამართლო და სასჯელის შეფარდების შემდგომ ეტაპებზე. პრეზენტაციებზე ხაზგასმით აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც არასრულწლოვანთა კოდექსი ბავშვთა მართლმსაჯულების სფეროში ამკვიდრებს, იმსჯელა იმ გამოწვევევებზე, რაც კოდექსის იმპლემენტაციის დროს გამოვლინდა და სამომავლო ნაბიჯები დაგეგმა.
     
    იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ პირველი სპეციალიზებული სისტემაა საქართველოში ბავშვთა მართლმსაჯულებისათვის. ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საუკეთესო მექანიზმადაა აღიარებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კოდექსი ეხება ყველა არასრულწლოვანს, მიუხედავად იმისა, იქნება ის ბრალდებული, დაზარალებული თუ მოწმე სისხლის სამართლის პროცესში, და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ბავშვის ინტერესების პრიორიტეტულობა; საპატიმრო ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში; ნასამართლობის მოხსნა სასჯელის მოხდისთანავე; მართლმსაჯულების საქმეებში მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, ადვოკატებისა და სხვა პროფესიონალების მონაწილეობა; მშობლის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა თუ პედაგოგის ჩართულობა.
    ღონისძიებას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების − გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის − წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური