ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 11 მაისი 2015 15:55

ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner 2015) დაიწყო.  ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ამერიკის არმიის მაღალჩინოსნები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ დაათვალიერეს ადგილზე გამოფენილი ტექნიკა.

სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ღირსეული პარტნიორი“ საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს. ბატალიონის დონის სწავლება სამ ფაზად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თეორიულ მომზადებას გაივლიან. მეორე ფაზის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან საცეცხლე მომზადებაა დაგეგმილი, ხოლო დასკვნით, მესამე ეტაპზე ტაქტიკური სწავლებები განხორციელდება. “ღირსეული პარტნიორი” საჩვენებელი წვრთნით დასრულდება. 
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.

ქართული მხრიდან სწავლებაში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ქსმ-2“. წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა. სპეციალურად სწავლებისთვის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა 2 მაისს ვარნადან (ბულგარეთის რესპუბლიკა) გამოიგზავნა საქართველოში, რომელიც ვაზიანში 6 მაისს დილით შევიდა.
გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ხრიდოლის ინსტრუქტორთა ჯგუფი ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას გამართავს. ღონისძიების დასასრულს 1/91 CAV „ჩარლი“ ასეულის სადესანტო ქვედანაყოფი დესანტირებას მოახდენს.

წაკითხულია 685 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური