საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა საქართველოს მოსახლეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 იანვარი 2016 00:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი 2016 წელი მიულოცა საქართველოს მოსახლეობას. აღნიშნულ მიმართვას "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს!
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენთვის ძვირფას ყველა ადამიანს.
ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვინც ყოველდღიურად და, შესაძლოა, ამ წუთებშიც ასრულებთ სამსახურეობრივ მოვალობას! განსაკუთრებით ვულოცავ საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც სამშობლოდან შორს საქართველოს ინტერესებს იცავენ, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
ახალ წელს ვულოცავ  ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც საქართველოს გვერდით უდგას და გულშემატკივრობს.
მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი.
2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით - საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე. სწორედ ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს  შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ!
დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალგაზრდებს!
2016 წელი იქნება თქვენი წარმატებების წელი! თქვენშია ყველაზე დიდი პოტენციალი და ჩვენ, ყველა თქვენს წამოწყებას და იდეას გვერდით დავუდგებით! მჯერა, რომ საქართველოს სიძლიერე სწორედ თითოეული თქვენთაგანის წარმატებაზეა დამოკიდებული.
მეგობრებო!
მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენი სამშობლო აუცილებლად გახდება წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი.
საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე.
ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ თითოეულ ჩვენთაგანში არსებული უზარმაზარი დადებითი მუხტი მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის აღმსენებლობისკენ.
ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს, და უკეთესი მომავლის რწმენას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება.
მე მჯერა,  რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!
გილოცავთ 2016 წელს! ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახების და მთელი საქართველოს მფარველი!

წაკითხულია 2823 ჯერ

Related items

  • სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები რეგიონში მშვიდობისა და სიტუაციის დეესკალაციისთვის

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კონფლიქტს მოჰყვა.

    პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დასწრების შემდეგ, მიმართა ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და დიალოგის სწრაფად აღდგენის, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

    ,,ეს ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი და საერთო ინტერესია, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მსოფლიოსათვის უზარმაზარი ეკონომიკური როლი. ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. 

    მინდა ასევე, მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელთაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა გავიმეორო - ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარკება. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მხარეებისთვის სასურველი იქნება.

    ასევე, მინდა მივმართო ევროკავშირს. ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ვართ.

    თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს,  ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა ასევე, ევროკავშირის ინტერესშია. 

    ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. 

    ეს ჩვენი, სამივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანია. სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერია იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • პსპ დაზღვევა მოსახლეობას სთავაზობს სრულიად ახალ, სტომატოლოგიის დაზღვევის ინოვაციურ და უნიკალურ პროდუქტს - პსპ დენტი

    პსპ დაზღვევა სრულიად ახალი, სტომატოლოგიური დაზღვევის ინოვაციური და უნიკალური პროექტი „პსპ დენტი“ შესთავაზა მოსახლეობას. პროექტი უალტერნატივოა და მას ანალოგი არ აქვს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

    პროდუქტის უნიკალურობას განაპირობებს 3 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:

    1. პსპ დენტი  ფარავს კონკრეტულად სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულად, გამონაკლისის გარეშე;
    2.  სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქესთვის ასაკის შეუზღუდავად;
    3. პროდუქტი განკუთვნილია, როგორც დაზღვევის არ მქონე, ასევე დაზღვევის სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე პირთათვის;

    “პსპ დაზღვევის პორტფელის დიდი წილი შედგება კორპორატიული დაზღვევის კომპონენტისგან. თუმცა, კომპანიის სტრატეგიაა განავითაროს საცალო პროდუქტები, რადგან შესაბამისი პროდუქტი ბაზარზე ძალიან მწირია,  მოთხოვნა კი საკმაოდ დიდი. შესაბამისად, კომპანია აქტიურად მუშაობს  ამ მიმართულების განვითარებაზე და  სწორედ ამიტომ, პსპ დაზღვევამ შეიმუშავა ახალი, სრულიად ინოვაციური  და უნიკალური პროდუქტი „პსპ დენტი“, რომელიც ითვალისწინებს სტომატოლოგიური მომსახურების დაზღვევას და რომლის ანალოგიც სადაზღვევო ბაზარზე არ გვაქვს. ვფიქრობთ, პსპ დენტი მალე მოიპოვებს საზოგადოების დაინტერესებასა და მოწონებას“.- აცხადებენ პსპ დაზღვევაში.

    2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“  მომხმარებელს მუდმივად  სთავაზობს განსხვავებულ  სერვისებს და ახალ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას. (R)

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

    პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

    პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

    მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და საკითხები, რომლებზე მსჯელობაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში იგეგმება.

    საუბრისას ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
    გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

    "ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

    შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

    ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

    პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

    მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური