თავდაცვის მინისტრის საჩუქარი სამხედროების შვილებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 22:45

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დღეს გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები სამხედროების ბავშვებს ერთ-ერთი საახალწლო სურვილი აუსრულა. თინათინ ხიდაშელმა პატარების საცხოვრებელ კორპუსებთან მოწყობილი სკვერი გახნა. სკვერში საქანელები და სასრიალოები, სწორედ, მინისტრის ინიციატივით დამონტაჟდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მედია-ჯგუფ "სტარვიზიასა" და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მხარდაჭერით სამხედროების შვილებს გაზიანი სასმელები, სუვენირები და ტკბილეული დაურიგა. „კოკა-კოლას“ მანქანებმა და სადღესასწაულო ნომრებმა წმინდაწყლის დასახლების მცხოვრებლებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
„ყველა ბავშვს, ყველა სამხედრო მოსამსახურის შვილს და მთელს საქართველოს მინდა მივულოცო ახალი წელი. გვინდოდა, კიდევ ერთი ლამაზი საღამო გვეჩუქებინა ბავშვებისთვის. ამ დასახლებაში 100-მდე სამხედრო მოსამსახურე ცხოვრობს. თავდაცვის სამინისტრო მზად არის, ბევრი ასეთი დღე და საღამო მიუძღვნას მათ ბავშვებს, რათა პატარების სახეზე, რაც შეიძლება მეტი ღიმილი იყოს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან ერთად წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახსაც ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
სამხედროების საცხოვრებელ კორპუსებთან ბავშვებისთვის სკვერის მოწყობა თავდაცვის მინისტრის დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებთან შეხვედრის დროს გადაწყდა. თინათინ ხიდაშელს სამხედროებმა მათ საცხოვრებლებთან ბავშვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთი კვირის წინ სთხოვეს.

წაკითხულია 1192 ჯერ

Related items

  • თავდაცვის ძალებს ქართული, „დელტას“ წარმოების ჯავშანმანქანები გადაეცა

    საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. 

    ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მისი განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 

    40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. „დიდგორი“ კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაურს უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა და მრავალეროვნული ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ გენერალს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო მისიისთვის მოსამზადებელ პერიოდში ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა.

    დღესვე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ამერიკელ საზღვაო ქვეით ძალებთან მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესიც გააცნო.

    საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ამერიკელი გენერალი კრწანისისა და ალგეთის საწვრთნელ ბაზებზე ამერიკელ საზღვაო ქვეითებს მოინახულებს. გენერალ-მაიორი სტივენ ნიერი ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრსაც (CTC) ესტუმრება.

  • თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაშია გადატანილი და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. დღეს თავდაცვის მინისტრი მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

    თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სუ-25-ის გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების, UH-1-ების და L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება.

    საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

    კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა. ანდრი ტარანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად საქართველო აირჩია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. 

    ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ყურადღება გამახვილდა საერთო სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საფუძვლებს ემყარება. 

    ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრობას. მინისტრებმა ქვეყნების საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ძირითად გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია რჩება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. 
    ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატოსთან თავდაცვის ძალების ურთიერთთავსებადობა.  

    კოლეგებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს, გამოცდილება ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, თავდაცვის რეფორმირებაში, კიბერუსაფრთხოებაში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში გაუზიარონ.
    შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

  • თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის, საუკეთესო უმცროსი ოფიცრის, საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში დაასახელეს. სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.
    ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური