პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 23 დეკემბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 09:55

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს 23-25 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირას კანონმდებლები 50-მდე საკითხს განიხილავენ და უყრიან კენჭს, მათ შორის, იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებს განსახილველად გადაეცათ. 

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები I მოსმენით განიხილავენ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს. წარმოდგენილი ცვლილებით, განისაზღვრება უძრავ ნივთზე სახელმწიფოს შეზღუდული საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი. კერძოდ, უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

ასევე, პირველი მოსმენით განიხილება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ხდება საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდების და მასზე ანგარიშსწორების სამართლებრივი რეგულირება. 

ბიუროს სხდომაზე, დავით უსუფაშვილმა, თბილისის აეროპორტში მოქალაქის მხრიდან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის მიმართ განხორციელებული ფაქტი დაგმო. „გახშირდა პარლამენტის წევრების მიმართ რაღაც გარკვეული მოვლენები, რომლებიც თუ ძალიან სწრაფად და მაღალი სტანდარტით არ აღიკვეთა, მაშინ ცუდ ვითარებას მივიღებთ. გუშინ საღამოს თბილისის აეროპორტში ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ ინცინდენტს პარლამენტის წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიმართ. მოქალაქის მხრიდან იყო გარკვეული მცდელობა ფიზიკური შეურაცხყოფისაც. ამ შემთხვევაში, ჩვენი კოლეგა არ არის დაზიანებული, მაგრამ არის დაზარალებული. მე მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიცი, რომ მიმდინარეობს სათანადო ღონისძიებები. თავად ლევან ბეჟაშვილის ჯანმრთელობა არ არის საფრთხეში, მაგრამ ამ ტიპის დარღვევები თუ ინცინდენტები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე უნდა იყოს დაგმობილი და აღკვეთილი. იმიტომ, რომ როდესაც ერთი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ არის აწეული ხელი თუ მოქნეული მარჯვენა, ეს ნიშნავს ათასობით ადამიანის წინააღმდეგ ამის გაკეთებას. მე მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ ტიპის მოვლენებისადმი შევძლოთ ვიყოთ პარლამენტი, როგორც პარლამენტი. პირველ რიგში ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით ჩვენი ინსტიტუტის და დაწესებულების ავტორიტეტს, მაშინ ეს არ იქნება კარგი პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთის, რომლებიც ამგვარად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას საკითხებისადმი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, 23 დეკემბერს, 13 საათზე, ხოლო ბიუროს მომავალი სხდომა 12 საათზე გაიმართება.

წაკითხულია 464 ჯერ

Related items

  • პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

    პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარებმა კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

    კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

    ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

    პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

    კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

  • პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება, პირველი მოსმენით მიიღო

    პარლამენტმა, 136 ხმით, 5 -ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    მათი თქმით, პარლამენტის 85 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს.

    კანონპროექტის განხილვამდე, რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს კომისიის შემაჯამებელი ოქმი გააცნო. 

    „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალა გლობალურმა პანდემიამ, საქართველომ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის აღდგენა, მისი ჩატარება ოპტიმალურ ვადებში, მისი დასრულება და ეს პროცესი არის კანონმდებლობის თანახმად, დასრულებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

    არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს სხდომაში მონაწილეობისთვის და შეახსენა, რომ სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტმა განახორციელა 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმა და მიიღო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

    „ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა სრულად პროპორციული საარჩევნო მოდელით. დღეს ჩვენი ქვეყნის - საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი უკვე არსებობს და ეს უკვე არის ისტორია. 2024 წელს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს პროპორციული სისტემით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    მისივე თქმით, ეს იყო საკმაოდ გრძელი პოლიტიკური პროცესის შედეგი და აღნიშნული საკითხი არაერთი მოწვევის პარლამენტის, არაერთი პოლიტიკური თაობის კამათისა და განხილვის საგანი იყო.

    „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად პოლიტიკურ ისტორიაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარსულში იყო ხელისუფლებაში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, მისასალმებელია, რომ მათი მხარდაჭერაც ჰქონდა ამ ცვლილებებს უკვე ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში როგორც მმართველი გუნდის, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის როლსა და მონაწილეობაზე.

    პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური დებატების აქტიური გაშუქებისთვის მედიის წარმომადგენლებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების მასპინძლობისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადაუხადა. მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფასილიტატორი დიპლომატების - აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს ელჩების მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკური დიალოგის გამართვისა და ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბებაში.

    „სწორედ ამ შეთანხმების გამო, დღეს შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენ მივიღოთ მრავალპარტიული გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსის შესახებ განმარტებები გააკეთა და იმ მთავარ საკითხებზეც ისაუბრა, რაზეც საჯარო განხილვების დროს მოქალაქეებმა გაამახვილეს ყურადღება.

    მისი თქმით, თემები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების წევრების მხრიდან კითხვები დაისვა, ძირითადად, ოლქების ფორმირებას, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობასთან, გლობალური პანდემიის დროს საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარებას უკავშირდებოდა. მან ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2018 წელს მიღებულ რედაქციაში დაკონკრეტებულია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი - 31 ოქტომბერი.

    „კომისიის მუშაობის ფარგლებში არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებებთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული. არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა, და არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რამე სიახლე, მით უმეტეს, რაიმე გადაწყვეტილება.

    შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.
    ვიმეორებ, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას.

    კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და მოგმართავთ ყველას, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. ამით ჩვენ მივიღებთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ სისტემას, რაც დაგვეხმარება სტაბილური, საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

    2020 წლის 28 მაისს, ქართული მხარის ინიციატივით,  გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.
     
    ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ.
    განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება  ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.  
     
    ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. 
     
    განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები  და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
     
    განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.                                                   
     
    ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 
     
    მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
     
    დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი  შეჩერება.
    ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა.
     
    სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან.

    აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.
     
    გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

  • საქართველო ამტკიცებს ენერგოეფექტურობის ორ ძირითად კანონს

    21 მაისს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო აქტების ძირითადი კომპლექტის დამტკიცებას. ამ ორ კანონს - კანონს “ენერგოეფექტურობის შესახებ” და კანონს “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ” კანონმდებლობაში გადააქვს ევროკავშირის ამ სფეროს დირექტივები.
    ამ ორი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობას მიეცა საშუალება მიიღოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები საჯარო შენობების რეაბილიტაციის პროგრამებისთვის, რაც დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) და გერმანული ბანკიდან KfW, ასევე 26 მილიონ ევროს საინვესტიციო გრანტების და 8.5 მილიონ ევროს ტექნიკური დახმარების სახით - ევროკავშირიდან.

    წყარო: https://euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/eu4energy-georgia-adopts-two-key-energy-efficiency-laws

  • საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

    საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

    რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

    ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

    კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

    ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

    ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური