გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის დასკვნაზე -"საქართველო სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული ევროპისთვის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 12:04

"ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები მიჩნეული იქნა ძალიან წარმატებულად უამრავ სფეროში" - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის დადებით დასკვნას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.
"კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ უამრავი საკანონმდებლო რეფორმა, ინსტიტუციონალური რეფორმები ჩატარდა. შექმნილია ახალი სისტემები. საქართველოს როგორც იმიგრაციის, ასევე ემიგრაციის ინსტიტუციონალური საკანონმდებლო სისტემები არის აბსოლუტურად მობილიზებული. ამასთან, სამართლებრივ სფეროში ჩატარდა უამრავი რეფორმა, მიგრაციის კუთხით გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველაფერ ამის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა სანდო პარტნიორად ევროპისთვის, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გზა თავისუფალი გადაადგილებისთვის შენგენის ზონაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, ჩვენ კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კონსოლიდაცია კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისა, რათა პოლიტიკურ დონეზე უკვე ყველა ქვეყანამ მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რათა როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროპარლამენტში მიღებული იქნას ის საჭირო მხარდაჭერა, რომელიც უკვე საბოლოო საკანონმდებლო ცვლილებას დაუდებს საფუძველს. "საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება თავისუფალი გადაადგილების უფლება ევროპის ყველა ქვეყანაში", - აღნიშნა მინისტრმა.
კითხვაზე, რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის, მინისტრმა განმარტა, რომ "თავისუფალი გადაადგილების უფლება ჩვენს მიერ განიხილება როგორც განუყოფელი ნაწილი ევროკავშირთან ერთად თანაცხოვრებისა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა, რომლის ეფექტიანობა წარმოუდგენელია იმის გარეშე, რომ საქართველოში მცირე მეწარმეებმა, ფერმერებმა შეძლონ თავისუფლად გამგზავრება ევროპაში, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, მათი საქართველოში ჩამოტანა და დამკვიდრება და ა.შ. ეს არის ევროპული ოჯახის უკვე სრულუფლებიანი წევრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრმა უვიზო მიმოსვლის უკვე რეალურად განხორციელების პროცედურებზეც ისაუბრა.
"მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს უკვე საერთო-საკანონმდებლო ცვლილებას, ნებისმიერი მოქალაქე საქართველოსი შეძლებს ევროკავშირში გამგზავრებას, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას, ეს იქნება ჩვეულებრივი ტურისტული ვიზიტი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის მუშაობის უფლება ევროკავშირში და არავითარი დამატებითი კონტროლი და დამატებითი დოკუმენტის აღება ამისთვის საჭირო არ იქნება. ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების სისტემა იმიგრაციისა, როგორც საქართველოში, მათ შორის, ისე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის მომენტში ბაზებში მოწმდება ყველა მოქალაქე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დამატებითი დოკუმენტი დასჭირდებათ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროკომისიამ დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ რამდენიმე თვეში ქვეყანის მოქალაქეები შენგენის ზონებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

წაკითხულია 595 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შვედეთის სამეფოში

    მინისტრი დავით ზალკალიანი შვედეთის სამეფოს ვიზიტით ეწვევა.  ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს  აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ სტოკჰოლმის მინისტერიალში, რომელიც შვედეთის მხარის ინიციატივით იმართება.
     
    მინისტერიალში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრები, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, ევროპული კომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი იღებენ მონაწილეობას.
     
    შვედეთის სამეფოში ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ენ ლინდესთან; ევროკავშირის საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან; იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან და თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰალთქვისტთან. ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

    აღსანიშნავია, რომ 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი შვედეთის სამეფოში. 

  • „ახალი მასწავლებლების უპრეცედენტო რაოდენობა ნიშნავს, რომ რეფორმის შედეგად მასწავლებლობა პრესტიჟული და მიმზიდველი პროფესია ხდება“

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა იმ პედაგოგებს უმასპინძლა, რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით სკოლებში მუშაობა. მიხეილ ბატიაშვილმა წარმატება უსურვა მათ პედაგოგიურ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მასწავლებლის როლს მომავალი თაობის აღზრდაში.

    განათლების კომპლექსური რეფორმის საკვანძო საკითხი მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის დაფასება და აღიარება,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიული ზრდისათვის  მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის.

    განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება ოქტომბრის მონაცემებით 1890 პედაგოგმა მოიპოვა. აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე  1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია).

    მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე რეგისტრირებული 30 000-მდე აპლიკანტიდან, 10 000 მასწავლებლობის მსურველი ახალი აპლიკანტი იყო, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკანტების 30%-მა დადგენილი უმაღლესი - 10 კრედიტიანი ბარიერი დაძლია.

    „ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული და მიმზიდველი პროფესია ხდება.  რაც შეეხება სკოლებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს, 1470 საჯარო სკოლის მიერ 4500-მდე ვაკანსია გამოცხადდა. Teacherjobs.ge-ზე სულ 17400 აპლიკანტი დარეგისტრირდა,   დაახლოებით 51350 საათზე“ - განაცხადა მინისტრმა.

    დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული.  ლიდერობს ბიოლოგია (11), ისტორია (10), მუსიკა (10), ფიზიკა (10), მათემატიკა (16) და აშ.

    რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს.

  • ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადება

    2019 წლის 21 ოქტომბერს ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ეგიდით, გაიმართა ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქრისტოფერ პინჩერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა.

    მინისტრთა შეხვედრას წინ უძღოდა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების ღრმა და ყოვლისმომცველ ხასიათს. იგი ქმნის საფუძველს სამომავლოდ საგარეო, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფართო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის. შეთანხმება, ასევე, უზრუნველყოფს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს მიერ ერთმანეთის ბაზრებზე ყოვლისმომცველ წვდომას და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

    მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო ისტორიის, მჭიდრო და დინამიური ორმხრივი კავშირების, ასევე საერთაშორისო საკითხებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, აღიარა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, მათ შორის, ნატოს წევრობის კუთხით. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასა და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

    გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების მტკიცე პოლიტიკის განხორციელების მიმართ პრინციპული მხარდაჭერა. ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, ასევე კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის აუცილებლობას.  

    მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რისი ნათელი დადასტურებაც არის მიმდინარე წლის შემოდგომაზე,  გაერთიანებული სამეფოს სეზონის გამართვა საქართველოში. სეზონი ასახავს თანამედროვე, მრავალფეროვანი და გლობალური ბრიტანეთის საუკეთესო მიღწევებს, მათ შორის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ბიზნესის სფეროში. ორივე მხარე მიესალმა 2020 წელს, გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს სეზონის გამართვას, რომელიც წარმოაჩენს ქვეყნის მდიდარ კულტურულ ტრადიციებსა და მის თანამედროვე შემოქმედებით პოტენციალს.

    მინისტრთა შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგისა და მისი განგრძობადობის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აღნიშნული ფორუმი ემსახურება ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემდგომ განვითარებას. მინისტრები მიესალმნენ უორდროპის დიალოგის მე-6 რაუნდის 2020 წელს, ლონდონში გამართვას.

  • საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

    როგორც მინისტრებმა აღნიშნეს შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

    მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

  • საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
    დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
    მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
    საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური