სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 12:55

საჯარო სექტორის თანამშრომლების დაახლოებით 20 პროცენტი, 55 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 23 კერძო კომპანია „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად გააერთიანა - ფონდის საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმზე შეაჯამა.

პრემიერის ინფორმაციით, დაფუძნებიდან დღემდე, ფონდმა 4 მილიონ 700 ათასი ლარის მობილიზება მოახდინა და უკვე 182 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება შეძლო. 182 ბავშვიდან 94-ს დაუფინანსდა ძვირად ღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გიამბოთ, თუ საიდან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის დაფუძნების იდეა. ყველა ჩვენგანი ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად სოლიდარულები ვიყოთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც სულ რაღაც სამი წლის წინ ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა იყო ჯანდაცვის მიმართულებით და სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს არის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებული პროექტია. დღეის მდგომარეობით, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული, მათი მკურნალობის, ოპერაციების და სხვა ხარჯებს სახელმწიფო იხდის, სამი წლის წინ კი, ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 800 000 000 ლარი იყო, მომავალ წელს კი სამინისტროს ბიუჯეტი 3,1 მილიარდი ლარი იქნება. მანვე ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს 200 000 მოქალაქე სრულად განიკურნება დაავადებისგან.

„ეს პროგრამა უნიკალურია მსოფლიოში, ვინაიდან არც ერთი სხვა ქვეყანა არ ზრუნავს ისე, როგორც ჩვენ საქართველოში ვზრუნავთ. მე მინდა დავაკონკრეტო, რომ ჩვენი ქვეყანა არის უნიკალური, ვინაიდან ჩვენ გვაქვს აღნიშნული პროგრამა და რაც მთავარია, ეს არის აბსოლუტურად უფასო. თითოეული პაციენტის მკურნალობის ხარჯი დაახლოებით 85 000 დოლარს შეადგენს. ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვუმკურნალოთ უფასოდ და ჯამში ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ და ეს სრულიად უფასოდ მოხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა აშშ-სა და კომპანია "გილეადს" გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა სოლიდარობის ფონდის თითოეულ შემომწირველს და საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების იმედი გამოთქვა.

მთავრობს მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისის პირველი ფორუმი გაეროს სოლიდაობის საერთაშორისო დღეს იმართება და ფორუმში გაეროს წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ თბილისის პირველ ფორუმზე ვმასპინძლობთ ბატონ ფილიპ დუსტე-ბლაზის - გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს. ბატონი დუსტე-ბლაზი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული ლიდერი ინოვაციური დაფინანსების სფეროში, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და ძალისხმევით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთი ისტორიული ინიციატივა. ასევე მივესალმები ბატონ იანიკ გლემარეკს, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორც გაეროს სისტემაში ინოვაციური დაფინანსების, ისე გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის კუთხით,"- განაცხადა პრემიერმა.

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ფილიპ დუსტე-ბლაზი. მისი თქმით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდი" უნიკალური პროექტია და მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფში.

„საქართველოს სოლიდარობის ფონდი უნიკალური პროექტია. ეს არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელი და მე ვულოცავ საქართველოს ამ ინიციატივის განხორციელებას. პარიზის სამდივნოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველო აქტიური მონაწილე გახდა გლობალურ დონეზე მიმდინარე დიალოგის და თბილისის ფორუმი ძალიან დროული ინიციატივაა გაეროს ახალი სამოქმედო პლატფორმისთვის, ინოვაციური დაფინანსების ცოდნის კონსოლიდაციისა და თანამშრომლობითი პროგრამის გაფართოებაში,"-აღნიშნა ფილიპ დუსტე-ბლაზიმ.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი შეიქმნა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით 2014 წელს, როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.

 

წაკითხულია 560 ჯერ

Related items

  • ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

    შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სტაბილური და თანმიმდევრული დინამიკა, რომელსაც 2020 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაც ადასტურებს. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში შეხვედრებს წელს საქართველო უმასპინძლებს.

    თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შეხიდების ხეივანი“ მოინახულა და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

  • პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა

    პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა.

    გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მადლობა გადაუხადა.

    პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს.

    „მსურს ხაზგასმით და თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს მოადგილეს, ბატონ პაატა იმნაძეს და საერთოდ დაავადებათა პრევენციის ცენტრს, რამეთუ ის ინფორმირებულობა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში მსგავს გამოწვევებთან დაკავშირებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ამოცანებსაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ უწყებათაშორისი საბჭოს თითოეულ წევს ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას, იმისთვის არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა
    სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
     
    დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
     
    მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
     
    საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა.
  • პრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გახსნა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"  გახსნა.  თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.

    „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაღალი ეფექტიანობით და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა.

    პრემიერმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტი საქართველოს ენერგოსისტემისთვის ძალზედ ეფექტურად და მნიშვნელოვნად შეაფასა.
    „ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და, საერთოდ, ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, ამასთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

    ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული საერთოდ გენერაციაში. 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას მილიარდ 200 000-მდე მეგავატის სიმძლავრეები დაემატა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და, ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და, რა თქმა უნდა, სისტემის მდგრადობისთვის ჩვენ გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები,"- აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა.
    „ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის რეფორმები, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგში ატარებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ დღეს საქართველო არის როგორც სატრანზიტო ქვეყანა სტაბილური, მდგრადი სხვადასხვა ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით და აბსოლუტურად განჭვრეტადი პარტნიორი ევროკავშირისა და ჩვენი მეზობლებისთვის, ზუსტად ასე უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. ეს არის ამოცანები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის, ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის წინაშე,-„ განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერმა, აგრეთვე, მადლობა გადაუხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ეკონომიკის სამინისტროს, ჩინელ კოლეგებს, რომელთაც, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რეკორდულ ვადებში, 2 წელიწადში დაასრულეს მშენებლობა და დამსწრე საზოგადოებასა და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის გახსნა მიულოცა.

    ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური,  ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის  ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.
    კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები.

  • ბაგრამის ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის 5 სამხედრო

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

    ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

    თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

    ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური