ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 17:05

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულება შანდორ საბოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად არჩევასთან დაკავშირებით,  უნგრეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პეტერ პოლტის მისალოცი წერილი გადასცა. შეხვედრაზე ასევე  განიხილეს ორი ქვეყნის პროკურატურის ორგანოებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ამ მიზნით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გამოთქვა მზადყოფნა მისი უნგრელი კოლეგის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოწვევასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრ პროკურორს და იმედი გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 

წაკითხულია 859 ჯერ

Related items

  • საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

    საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

    რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

    ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

    კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

    ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

    ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

  • საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადება გადადგომის შესახებ
    პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
    ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
    ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება. 
    დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
    ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
    მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
    რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
    აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
    ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. 
  • პროკურორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე - უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს ჭრილობა დანით მიაყენა

    უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით ჭრილობა მიაყენა, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებზე ისაუბრა.

    პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა აღნიშნული დანის გადამალვა ერთ-ერთ პირს დაავალა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა გამოძიების მიერ. 

    „შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იქნა ორივე გარდაცვლილის სისხლის ნიმუშები და მათმა ადგილმდებარეობამ და ლოკაციამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ადგილები. 

    ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ.-ს დანაზე. საქმის ერთ-ერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისათვის ბრალდებული გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული ხელსახოცში გახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა მოკლული ლ.დ-ს და ბრალდებული გ.ბ-ს ბიოლოგიური მასალა. ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე რომელშიც გადახვეული იყო აღიშნული დანა, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა, რითაც უტყუარად დადგინდა, რომ ამ ბრალდებულმა გ.ბ-მ დანით ორივე მოკლულს მიაყენა ჭრილობა.

    საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო პროცედურა. მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა. მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნით რომელსაც გააჩნია ერთ მხარეს ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეს ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად“, -განაცხადეს პროკურატურაში. 

  • დედის მიმართ ძალადობისთვის 1 პირს პატიმრობა შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ.ე. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლით.    
    სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს კ.ე. მივიდა მშობლების საცხოვრებელ სახლში და დედას ტელეფონის აპარატი ესროლა, რომელიც ამ უკანასკნელს სახის არეში მოხვდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ.ე. დედამისს ასევე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
    სამართალდამცველებმა კ.ე. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა.  
    თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ე. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

  • სასამართლომ სამოხელეო დანაშაულისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

    თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის  უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
    სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად  უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ჩხიტუნიძე 2005-2009 წლებში, სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს. მან, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, ა. ღაჭავას, მ. ბიბილურიძესა და ა. აფციაურს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა  საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 
    პროცესზე დაკითხული მოწმეებისა და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავით ჩხიტუნიძის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ერთი ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ორი ეპიზოდი).
    სასამართლომ დავით ჩხიტუნიძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სამივე ეპიზოდი დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დ. ჩხიტუნიძეს დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დავით ჩხიტუნიძე იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური