შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას-ვიცე პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 11:14

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმისათვის, რომ რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი შეიქმნას.
ამის შესახებ კალაძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის სესიაზე "რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის გზით" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველო, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე, კავკასიის რეგიონში განიხილება როგორც ფლაგმანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ გაძლიერდეს რეგიონალური თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობის მეშვეობით, აგრეთვე ხელი შეეწყოს პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, განვითარდეს ეფექტური სატრანსპორტო დერეფანი და მოიზიდოს მასშტაბური ინვესტიციები რეგიონალურ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარებაში. ჩვენი რეგიონისთვის - სამხრეთ კავკასიისთვის ენერგეტიკულ თანამშრომლობას რეგიონალურ დონეზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალმა, დამოუკიდებელმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა განიცადეს ეკონომიკური და სოციალური სექტორების ჩამოშლა, რასაც თან დაერთო პოლიტიკური კონფლიქტები. სამოქალაქო დაპირისპირების და ბლოკადების შედეგად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი საერთაშორისო ვაჭრობისთვის არამიმზიდველ ტერიტორიად გადაიქცა, რამაც ეკონომიკის ყველა სფეროზე, მათ შორის ენერგეტიკაზეც დიდი უარყოფითი ზეგავლენა იქონია. გავიდა ხანი და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ორიენტირებული იქნა კასპიის ზღვის ენერგორესურსებზე და მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რესურსებით მდიდარ სივრცეზე და ნახშირწყალბადების ევროპაში ტრანსპორტირების სატრანზიტო დერეფანზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აგრეთვე მნიშვნელოვნად იქნა შესწავლილი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ელექტროენერგეტიკაში. ამის დასტურია ის, რომ საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტი განახორციელა, რომლის ოპერირებაც 2013 წელს დაიწყო. პროექტი აფართოებს საქართველოს გადამცემ სისტემას მეზობელ სახელმწიფოების მიმართულებით, განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით და უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტის და სატრანზიტო ოპერაციების საიმედოობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ენერგეტიკაში და მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელების შორის 700 მვტ. სიმძლავრის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას", - განაცხადა კალაძემ. 
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმისათვის რომ, შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის თავისუფალ და ურთიერთსასარგებლო ტრანსსასაზღვრო გადადინებას.
"დღეისთვის, საქართველომ დაასრულა 500 კვ.-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა აზერბაიჯანთან, მოახდინა რუსეთთან დამაკავშირებელი 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის რეაბილიტაცია და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სომხეთთან დამაკავშირებელი 500 კვ.-იანი გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება. 
არსებული და დაგეგმილი დამაკავშირებელი ხაზების მეშვეობით შესაძლებელი ხდება სამხრეთ კავკასიის ქვეყენების ენერგოსისტემების დაკავშირება. აქედან გამომდინარე საქართველოს იძენს "ენერგეტიკული ხიდის" ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობის მოცულობის გაზრდას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

წაკითხულია 254 ჯერ

Related items

  • მარია ზახაროვამ ვიდეოხიდისას საქართველოსა და მისი მცხოვრებლების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა

    თბილისში არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მინდა მისი მონახულება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვიდეოხიდის დროს.
    დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს საქართველოში, მათ შორის, ეროვნებით ქართველები.

    „ბოლო ათი წლის განმავლობაში მათ ბევრჯერ დამპატიჟეს საქართველოში. ეს ძალიან ღირსეული ხალხია, ნამდვილი პატრიოტები, თანამედროვეობის გამოჩენილი ადამიანები. მე მათ მოსკოვში ვმასპინძლობ ხოლმე და მინდა, მეც ვეწვიო“, — თქვა ზახაროვამ.

    დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი „ბავშვობა თბილისის სილამაზეზე მონათხრობებით იყო სავსე“.

    „ჩვენთვის ეს რეალურად სოციოკულტურული, მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთა ცხოვრება და გულებიც ამ ვითარებამ შუაზე გაყო... არასდროს ვყოფილვარ თბილისში. მესმის, რომ ვერც შევძლებ [ჩამოსვლას], ვგრძნობ რა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ მორიგი პროვოკაციის საბაბად არ ვიქცე“, — აღნიშნა დიპლომატმა.
    საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ გაწყდა, რაც რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

    ამ დროისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინის შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება.

     

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე ისაუბრა

    მოსკოვს მიაჩნია, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Sputnik-ის მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვი-მინსკის ვიდეოხიდის მიმდინარეობისას.

    დიპლომატმა მოიყვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ციტატა: „ამ ფრენებს მე, ალბათ, დავაბრუნებდი“.

    „რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა... ასე ძალიან ბევრი ფიქრობს“, — აღნიშნა ზახაროვამ.
    მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჰუმანიტარული და ბიზნეს-ურთიერთობა ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის კვლავაც ვითარდება.

    რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისს შეჩერდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, რასაც საფუძვლად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები დაედო.

  • ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

    ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
    პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
    „ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან  შედეგებს.
    ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
    ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

    შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა და ალხაზ კვიწინია გავიდნენ.

    აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 56% მივიდა, რაც ნიშნავს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად მიიჩნევა. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გამოქვეყნება 12 საათისთვის არის დაგეგმილი.

    „საპრეზიდენტო კანდიდატების“ შტაბების მიერ დათვლილი ხმების საფუძველზე ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელი ალხას კვიწინია.

    კვიწინიას 100-დე ხმით ჩამორჩა ოლეგ არშბა, რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება და ალხას კვიწინიას წარმატება უსურვა.

    „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. ამ ინფორმაციას „სპუტნიკ-აბხაზია“ ავრცელებს.

  • ევროკავშირი ბუქარესტის შეხვედრის დროს შავი ზღვისთვის ერთობლივ საზღვაო დღის წესრიგს შეიმუშავებს

    21 მაისს შავი ზღვის შვიდი ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და უკრაინის მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იკრიბებიან შავი ზღვისთვის ერთობლივი საზღვაო დღის წესრიგის დასამტკიცებლად.

    ამით შავი ზღვის რეგიონი უერთდება ევროკავშირის მოსაზღვრე დანარჩენი ზღვების აუზებს საყოველთაო-საზღვაო ინიციატივის შესამუშავებლად უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ქვეყნებს ექნებათ სამი მიზანი: ჯანმრთელი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემები, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი ლურჯი ეკონომიკა და ინვესტირება ლურჯ ეკონომიკაში.

    მინისტრების შეხვედრა იქნება ევროკომისიის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროცესის შედეგი. რეგიონის ლურჯი ეკონომიკის მხარდაჭერამ ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ 2015-2018 წლებში 13 მილიონ ევროს გადააჭარბა. დამტკიცების შემდეგ ქვეყნებს სთხოვენ შეადგინონ იმ პროექტების სია, რომელთა კვალიფიცირება შესაძლებელია სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების მისაღებად.

    მრავალი სხვა საკითხების გარდა, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდეს მეთევზეობას და აკვაკულტურის კვლევას, ზღვის ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას, ტურიზმს, ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ეკოლოგიის საკითხებზე, (მცირემასშტაბიანი) მეთევზეობის სექტორის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, ინოვაციური საზღვაო ტექნოლოგიების და მონიტორინგის საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოღებას თევზსაჭერი გემებისთვის.

    დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის მთავარი დირექტორატის (DG MARE) Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://twitter.com/EU_MARE

    იხილეთ მეტი:

     

    შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (ინგლისური)

    შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (რუსული)

    ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის შესახებ

  • თუ რუსეთი არ გადაიხდის დაგროვილ ვალს, ივლისის თვიდან ამოქმედდება ე.წ. სარეზერვო გეგმა - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

    9 აპრილს სტრასბურგში მუშაობა გააგრძელა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ.

    დღის წესრიგის თანახმად, ასამბლეაზე დებატების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპის საბჭოს ფინანსური კრიზისია, რომელიც შეიქმნა რუსეთის საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე არ დასწრების გამო.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიზე, დრევანდელ სხდომაზე მოისმინეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტურბიორნ იაგლანდის მოხსენება და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის დუნია მიატოვიჩის გამოსვლა.

    ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა ტურბიორნ იაგლანდმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ, თუკი რუსეთის დელეგაცია ივნისამდე არ დაბრუნდება საპარლამენტო ასამბლეაზე და არ გადაიხდის დაგროვილ ვალს, ივლისის თვიდან ამოქმედდება ე.წ. სარეზერვო გეგმა. „სამწუხაროდ დღეისათვის ძალიან მძიმე ფინანსური სიტუაციაა შექმნილი და თუ რუსეთის დელეგაცია არ დაიწყებს თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, მაშინ რუსეთს შეიძლება ჩამოერთვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული წარმომადგენლობითი უფლება“, - დასძინა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

    როგორც ცნობილია 2017 წლიდან რუსეთმა შეწყვიტა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევროს გადახდა. დღევანდელი მონაცემებით, დავალიანება დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს. მთლიანობაში რუსეთის წილი საწევრო შენატანებში წლიური ბრუნვის  11 პროცენტს (დაახლოებით 30 მილიონი ევრო) შეადგენს.

    მომდევნო დღეებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიზე ასევე განიხილავენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე დააფიქსირებ თავის პოზიციას ევროკავშირის ახლადშექმნილი მექანიზმის დემოკრატიის, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

    10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც დღეისათვის საქართველოს წინაშე დგას.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური