"ევროკომისარი ჰანი აქტიურად გვეხმარება ჩვენ, საქართველოს მთავრობას"-ირაკლი ღარიბაშილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 13:28

ჩვენ მზად ვართ, სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის იოჰანეს ჰანს მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მივესალმო ევროკომისარ ჰანს, რომელიც წელს უკვე მეორედ ეწვია საქართველოს. მას მადლობას ვუხდი მთავრობის და ქვეყნის სახელით. ეს საქართველოსა და ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბატონი ჰანის წვლილს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ, სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს. ამ პროცესში ევროკომისარი ჰანი აქტიურად გვეხმარება ჩვენ, საქართველოს მთავრობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ევროკომისარს დაუდასტურა ისიც, რომ საქართველოსთვის "აღმოსავლეთ პარტნიორობა" მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ბატონ ჰანს დავუდასტურეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს პრიორიტეტს და ვართ მზად, წვლილი შევიტანოთ ამ საერთო პოლიტიკური ჩარჩოს წარმატებაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხულია 384 ჯერ

Related items

  • ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ ხარისხს

    საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავმჯდომარეობდა, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიში განიხილეს და  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალი ხარისხი დადებითად შეაფასეს.

    კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის, ასევე დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის საერთო მიზნის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განიხილა საქართველოს „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ", რომლის მიზანიცაა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება.

    მხარეებმა დაადასტურეს, რომ  მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის უზრუნველსაყოფად ითანამშრომლონ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ოთხ ძირითად სფეროში - ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანი მმართველობა; ტრანსპორტი, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები; გაზრდილი მობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტები.

    ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მთლიანობაში კონკურენტულ გარემოში, ასევე აღნიშნა მცირე ხარვეზები და ხაზი გაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით, 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასოცირების საბჭო მიესალმა კონსტიტუციის ახალი ვერსიის ძალაში შესვლას 2018 წლის დეკემბერში, რითაც დასრულდა საქართველოს გადასვლა სრულ საპარლამენტო სისტემაზე. ასოცირების საბჭომ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანამშრომლობისა და ღია დიალოგისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, პლურალისტული დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

    ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი რეფორმების ჩატარებაში, ასევე აღნიშნა ზოგიერთი სფერო, სადაც აუცილებელია შემდგომი წინსვლა და მოუწოდა საქართველოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის განხორციელებისკენ და მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელებისკენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, სხვა ასპექტებთან ერთად, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვის და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომების მეშვეობით. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის განხორციელებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

    ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა სარგებლობს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით. საბჭო ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის მიმდინარე ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრისკენ და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ბრძოლა შენგენის ზონის ზოგიერთ ქვეყანაში საფუძვლის გარეშე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ უკანონო მიგრაციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.

    ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და მოუწოდა მას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და გენდერული თანასწორობის დამკვიდრების გაგრძელებისკენ, მათ შორის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაფართოების გზით. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა  ერთგულება ზოგადსაკაცობრიო ადამიანის უფლებათა დაცვისადმი, რელიგიური მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობებისა და სხვათა მიუხედავად. ასოცირების საბჭომ მაღალი შეფასება მისცა  საქართველოს მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს და მოუწოდა საქართველოს შრომის ინსპექციის ეფექტიანი სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პირობების შემდგომი გაუმჯობესება.

    მხარეები მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით. 2018 წელს ევროკავშირი კვლავაც წარმოადგენდა საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს - 2018 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 2,76 მილიარდი ევრო. ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე კონკრეტული პროდუქტების იდენტიფიცირება, რის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება დახმარება. მხარეები მიესალმნენ სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვეს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას.

    ასოცირების საბჭო მიესალმა 2018 წლის დეკემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების პირველი ნაკადის გამოყოფას და მოუწოდა საქართველოს დარჩენილი შეთანხმებული სტრატეგიული ზომების განხორციელებისკენ, რათა შესაძლებელი იყოს მეორე ნაკადის გამოყოფა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ.

    ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის და ტრანსპორტისა სფეროებში, ასევე ქვეყნის, როგორც რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან სატრანსპორტო დღის წესრიგზე და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შემდგომ გაფართოებაზე. ასოცირების საბჭო მიესალმა 2019 წლის 29 იანვარს გამართულ ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის სატრანსპორტო დიალოგის პირველ რაუნდს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი სატრანსპორტო ქსელების და ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისკენ.

    ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში  ევროპის პარტნიორის, საკვანძო როლი და აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობა ევროპის ბაზრებისთვის კასპიის ზღვის რეგიონის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდების საქმეში, კერძოდ სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის და შავი ზღვის მეშვეობით. ევროკავშირმა აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს დახმარება საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საჯარო შენობებისთვის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის კუთხით. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო სექტორის აღდგენის მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავს სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების გზით უკეთესი საექსპორტო შესაძლებლობების შეთავაზებას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა თბილისში პირველი ევროპული სკოლის წარმატებით ამოქმედებას, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირის ურთიერთობებში აღმოსავლეთის პარტნიორებთან, ასევე აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა განათლების სფეროს რეფორმის კუთხით.

    ევროკავშირმა აღნიშნა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობა  და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საკუთარი, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის, როლის განმტკიცებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას. ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის თემები, რომელიც გაიმართა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ევროკავშირმა მადლობა მოახსენა საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას შეაქვს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის თაოსნობით განხორციელებულ კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს შესაბამისი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

    ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის არაღიარების და ჩართულობის  პოლიტიკის მეშვეობით.

    ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ ამ ერთგულების თვალსაჩინო მაგალითია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება.

    ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სასიცოცხლო მნიშვნელობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც მომდინარეობს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი "ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები" არსებითად მნიშვნელოვანია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ამ მხრივ, საბჭომ ხაზი გაუსვა გალის "ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის" უპირობო განახლების აუცილებლობას.

    ასოცირების საბჭომ გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის ფედერაციას და საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების მიმდინარე განხორციელების გამო, ასევე რეგიონში რუსეთის მხრიდან სხვა უკანონო ქმედებების გამო, რომლებითაც ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მათ შორისაა - მზარდი მილიტარიზაცია, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ადმინისტრაციული ხაზების გაყოლებაზე, „გადასასვლელი პუნქტების" დახურვა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა. ასოცირების საბჭომ გამოხატა შეშფოთება საქართველოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაციის გაუარესების გამო და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქართველთა დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. ამ მხრივ, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიღწეული უნდა იყოს სამართლიანობა.

    ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანასთან და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად ყველა დაბრკოლების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების საშუალება, მისიის მანდატის შესაბამისად. საბჭომ ხაზი გაუსვა  იძულებით გადაადგილებული ყველა პირის და ლტოლვილის შინ ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას.

    ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა გამყოფი ხაზებს მიღმა მყოფ ადამიანთა შორის კონტაქტების მზარდი მხარდაჭერის და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის  მნიშვნელობას. ამ მხრივ, ასოცირების საბჭომ გამოხატა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მხარდაჭერა.

    ევროკავშირმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივ განზომილებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიმდინარე წელს პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების წარმატების უზრუნველყოფისთვის.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა.
    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობისთვის, რადგან აღინიშნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
    შეხვედრები ასევე დაგეგმილია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.
    საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.

  • პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება. 

    შეხვედრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ სამეზობლოში პირველი ევროპული სკოლის საქართველოში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც 6 ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებისა და ევროპულ კვლევებში საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ევროკავშირს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

    მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით,  ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

    საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე - საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

    დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის მიერ 45 მილიონი ევროს გამოყოფას, რაც სწორედ ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომპლექსურ დღის წესრიგზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმებების წარმატებით განხორციელებაზე, ასევე - ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • ევროკომისრები ჰანი და გაბრიელი ბელარუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგში იღებენ მონაწილეობას

    ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი 21-22 ივნისს მინსკში, ბელარუსში, მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში. ისინი განიხილავენ თანამშრომლობას ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ფარგლებში გასული წლის ნოემბერში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ; გარდა ამისა, განხილული იქნება თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები ციფრული ეკონომიკის სფეროში ექვსი პარტნიორული ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ციფრულ საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად.  21 ივნისს ევროკომისრები ხვდებიან ბელარუსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის მინისტრს სერგეი პოპკოვს და იხილავენ ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გზებს, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მდგრადობის სფეროში, შემდეგ კი მონაწილეობას იღებენ პლენარულ სხდომაში ფართოზოლოვანი კავშირის ხელშეწყობის და რეგიონში როუმინგის ტარიფების მოგვარების საკითხებზე.

    პარასკევს ევროკომისარი ჰანი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება საქმის ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საგარეო ინვესტირების გეგმა. ვიზიტის განმავლობაში მას ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მინისტრებთან მაკეისა და პოპკოვთან; ევროკომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეკონომიკის და ციფრული ეკონომიკის სექტორებიდან. ვიზიტის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე EbS.

     

  • ​გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
    მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები - ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ასოცირების შეთანხმების შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, განიხილეს.
    საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს ინტეგრაციული პროცესებისა და განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში მყარი მხარდაჭერისთვის.
    შეხვერდრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც  ნოემბერში, ბრიუსელშია დაგეგმილი.
    კომისარმა აღნიშნა საქართველოს გამორჩეული როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.
    მხარეებმა იმ საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა.
    გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.
    თავის მხრივ ევროკომისარმა ისაუბრა,  ცვლილებების განხილვის პროცესში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და ფართო კონსენსუსის განხორციელების აუცილებლობაზე.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური