ღარიბაშვილის კომენტარი ფედერიკა მოგერინის ვიზიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 10:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი.
"ეს არის ფედერიკა მოგერინის პირველი ოფიციალური ვიზიტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ის ფაქტი, რომ დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება, ნათლად ადასტურებს ევროკაშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ევროპული არჩევანისადმი და ასახავს იმ უნიკალურ ურთიერთობას, რაც უკვე გვაქვს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სახით", - განაცხადა გუშინ ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და აღნიშნა, რომ საკმაოდ ღია, მეგობრული და ამავე დროს საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ.
"ვისაუბრეთ თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც არის დღის წესრიგში. ჩვენი ძირითადი გზავნილი არის შემდეგი - ევროკავშირის აქტიური ჩართულობა არის გადამწყვეტი საქაერთველოსთვის, როგორც ევროპული დემოკრატიული სტაბილური სახელმწიფოს წარმატებისთვის და მე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ უფრო მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა საქართველო-ევროკავშირის შორის", - განაცხადა პრემიერმა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 16 ნოემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართება, სადაც უმაღლეს დონეზე შეჯამდება საქართველოს მიერ მიღებული პროგრესი.
"ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მართლაც წარმატების მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში. ამ კუთხით ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივის ფარგლებში დიფერენცირებული, უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობების განვითარებასს ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად. ამის დასტურად ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ 26 ნოემბერს თბილისში ვუმასპინძლოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივის, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას. ჩვენი მხრივ მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე ევროპული არჩევანი, ეს არის არჩევანი ჩვენი ხალხის, რომელაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქცევს ნამდვილ, ევროპულ, დემოკკრატიულ სახელმწიფოდ. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება არის ჩემი მთავრობის უმთავრესი ამოცანა და ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოს ევროპულ მომავალში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხულია 438 ჯერ

Related items

  • ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დ. ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ ო. ვარჰელთან

    ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელთან.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტერიალისა და ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითებს, კერძოდ პარტნიორობის მომავალ სამიტის სამზადისს და პარტნიორობის მომავალის ხედვას 2020 წლის შემდგომ პერიოდში.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები,საქართველოს პრიორიტეტებსა და ხედვასთან დაკავშირებით.

    ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს Covid-19- პანდემიის დროს გაწეული ქმედითი დახმარებისთვის.
    თავის მხრივ,ევროკომისარმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით.

    შეხვედრაზე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. დაგმობილი იქნა საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა Covid-19-ის პანდემიის დროს,მათ შორის შეშფოთება გამოითქვა 11 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

    ხაზი გაესვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პროცესში და ასევე ევკოკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციისა და მონიტორინგის პროცესში.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

    26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

    ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება ძალზე პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

    საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტებები ცენტრის სტატუსსა და ფუნქციონირების დეტალებზე, თუმცა რუსეთის გამუდმებული პროვოკაციები გვაიძულებს კვლავ შევეხოთ ამ საკითხს, რითაც პირველ რიგში გვსურს მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში.

    რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.

    ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.

    ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში.
    ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

    ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. 

    ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA) და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი. დამატებით, ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების შესაბამისი უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

    ამდენად, ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში, ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს მათ არ აქვთ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება.

    საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთდადერთ  ინსტრუმენტად.
    სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით.
    იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

    ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს, ცენტრის მონახულების შემდეგ და, რაც უფრო შემაშფოთებელია ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მხოლოდ რუსეთის მედიის საშუალებებით და ნათლად ისახება მათი არგუმენტაციისა თუ საფუძველის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.
    რაც შეეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად.

    რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, მოწოდებით შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

  • საგარეო უწყების კომენტარი ღია ცის ხელშეკრულების საკითხზე

    წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზირებას. 2010 წლიდან დღემდე რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი.
    ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ღია ცის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის პოლიტიზირება. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს, ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნული ქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები ზემოხსენებულ 10 კილომეტრიან ზონებში, არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული პოზიცია მათი მხრიდან 2 წლის წინაც გაჟღერდა (2018 წლის 23 აპრილის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 აპრილის განმარტებით განცხადება), რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას. ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს (ხელშეკრულების მე-6 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2 და მე-7 პარაგრაფები) და  დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად. 
    ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა დაერწმუნებინათ რუსეთი უარი ეთქვა პოლიტიზირებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას. 
    ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების მანძილზე ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში.
    რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

    ამ განცხადებებით, რუსეთი ცდილობს ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს ხელშეკრულების, მის მიერვე დარღვევა. 

    რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

  • ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი იმართება

    2020 წლის 7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.
     
    ვიზიტის ფარგლებში SNMG2-ის წარმომადგენლები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში. მსგავსი ტიპის სწავლებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას.
     
    მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ნატო-ს ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ნათლად ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის   განმტკიცებას.
     
    მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

  • ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი

    ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე 22-25 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

    კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თანხლებით, კონგრესის პრეზიდენტი თბილისში შეხვდება ქალაქის მერს კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კახაბერ კუჭავას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

    ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ გორში, მერთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს ვიცე-პრეზიდენტთან და კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური